
ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მკვლელობის საქმეზე, რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით, მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, გამამტყუნებელი განაჩენი მაინც დადგა.
ადვოკატი მსჯავრდებულს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, მეგობარმა მეგობარი გამოასალმა სიცოცხლეს. ყველა მოქმედი პირის სახელი და გვარი შეცვლილია, ვინაიდან საქმეში მონაწილეობს არასრულწლოვანი გოგონა, ვის გამოც მეგობრები ერთმანეთს ჯერ მტრად მოეკიდნენ და შემდეგ – ერთმა მეორე მოკლა.
დათო და შალვა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ისე ახლობლობდნენ, რომ ერთმანეთთან ღამითაც კი რჩებოდნენ. ამბავი იმით დაიწყო, რომ მეგობრებიდან ერთ-ერთის, დათოს შეყვარებული იყო არასრულწლოვანი სალომე, რომელთანაც წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.
გარდაცვლილიც, ბრალდებულიც და არასრულწლოვანი გოგონაც წამლის მომხმარებლები არიან. სავარაუდოდ, სწორედ დათომ დააწყებინა ნარკოტიკების მოხმარება. სალომეს ბიცოლას თქმით, ის და სალომე ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობენ. გოგონა მარტო ცხოვრობს, ვინაიდან მშობლები გაცილებული არიან.
ბიცოლა ამბობს, რომ უამრავი მამაკაცი დადიოდა სალომესთან და ბევრჯერ პატრულიც კი ჰყავდათ გამოძახებული, როცა გოგონას საცხოვრებლიდან ჩხუბისა და აყალმაყალის ხმას გაიგონებდნენ.
ერთ დღეს შალვა და სალომე მარტო აღმოჩნდნენ და ბიჭმა გოგონას აკოცა. ამის შემდეგ, ფეისბუკში მათ შორის მიმოწერა შედგა, სადაც შალვა ბოდიშს უხდიდა სალომეს და სწერდა, ეს სერიოზულად არ მიეღო და დაევიწყებინა. სალომე წერდა – მთავარია, დათომ არ გაიგოსო. ვიდრე მიმოწერას წაშლიდა, გოგონას ტელეფონი დათოს ჩაუვარდა ხელში, ყველა მესიჯი წაიკითხა და ძალიან მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. გოგონას დაემუქრა – ჯერ შალვას მოვკლავ და მერე შენო.
მეგობრებს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა და შალვა სხვა რეგიონში წავიდა, ოჯახთან ერთად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ის დათოს ემალებოდა, რომ ერთმანეთს სადმე არ გადაჰყროდნენ. მთელი 2 თვე შალვა თბილისში არ ჩამოსულა. საქმეში დევს მეგობრების მიმოწერა, რომელიც ამ პერიოდში ჰქონდათ.
დათო ემუქრებოდა – ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვსო და თან მუქარის შემცველ ტექსტებს სწერდა – „დაგბრიდავ, შენ ვისას შეეხე“ და მსგავსი. შალვა თავს იმართლებდა. იმ ორი თვის განმავლობაში, ვიდრე შალვა თბილისში არ იმყოფებოდა, მათ შორის ურთიერთობაც შეიცვალა და მუქარის ნაცვლად, ისევ ძველ, მეგობრულ კალაპოტში დაბრუნდა. „ჩამოდი, წამალი მაქვს შენთვის“ – სწერდა დათო. და როცა შალვამ უთხრა, რომ თბილისში დასაბრუნებელი ფული არ ჰქონდა, ისიც კი შესთავაზა, დაგხვდები „მარშრუტკასთან“ და მე გადაგიხდიო.
შალვა მარტში დაბრუნდა თბილისში. დაახლოებით ერთი კვირის მერე, 17 მარტს მეგობრებს შორის შედგა მიმოწერა, სადაც დათო შეხვედრას სთხოვდა. შეთანხმდნენ, რომ შალვას კორპუსთან შეხვდებოდნენ. შალვა ისე გავიდა სახლიდან, რომ ოჯახის წევრებმა ვერც კი გაიგეს. ცოტა ხანში თავისი კორპუსუს წინ, დაჭრილი ნახეს მეზობლებმა. მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, – დაჭრილი ვარო, ჩაიკეცა და გონი დაკარგა. საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. შალვა სისხლისგან დაიცალა, რადგან საძილე არტერიასთან ჰქონდა დანით მიყენებული ჭრილობა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

ეკატერინე მაჭარაშვილი, ბრალდებულის ადვოკატი:
– მკვლელობის ადგილი იყო მეგობრების საცხოვრებელი სახლების უკან არსებული, მიტოვებული გარაჟები. სადაც დგას ძველი დივანი, გადაჭრილი ბოთლები ეყარა, სადაც აღმოაჩინეს მარიხუანა და ფსიქოტროპული აბები. როგორც ჩანს, მთელი უბნის ნარკომანების შეკრების ადგილი იყო. ამ ადგილიდან ამოიღეს შავტარიანი დასაკეცი დანაც, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი და სწორედ აქედან მიდოდა სისხლის კვალი იმ ადგილამდე, სადაც შალვამ გონი დაკარგა. დანა ამოიცნეს მოწმეებმა – სალომემ და გარდაცვლილის მეუღლემ და თქვეს, რომ ის ეკუთვნოდა დათოს და წლების განმავლობაში ხედავდნენ მის ხელში.
თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ექსპერტიზამ დათოს დნმ დანის ტარზე ვერ აღმოაჩინა და მასზე მხოლოდ გარდაცვლილის დნმ იყო.
ბრალდებულის შემხებლობა დანასთან ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა. რაც შეეხება გარდაცვლილის დნმ-ს, შესაძლოა, მან თავისი ხელით ამოიძრო დანა ჭრილობიდან ან და წინააღმდეგობას უწევდა და წართმევა სცადა და სწორედ აქედან მოხვდა მისი დნმ დანის ტარზე.
საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომ მკვლელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია. ერთადერთი, ისიც ირიბი მტკიცებულება გახლავთ დათოს ქურთუკის მანჟეტზე აღმოჩენილი სისხლის ლაქა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, შალვას ეკუთვნის. ეს ლაქა იმდენად მცირეა, რომ შეუიარაღებელი თვალით არც კი ჩანს, მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა გამოძიებამ.
ბიჭები დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, ტანოსამოსსაც ცვლიდნენ ერთმანეთში და გარდაცვლილის მეუღლემ ისიც თქვა, ახლაც აქვს ჩემს მეუღლეს დათოს მაისურიო. ორივე ნარკოტიკის მომხმარებელია და ერთად იკეთებდნენ წამალს. შესაბამისად, სულაც არაა გამორიცხული, რომ დათოს ქურთუკზე, მანჟეტის შიდა მხარეს შალვას სისხლი აღმოჩნილიყო.
სასმართლოს სხვა მტკიცებულება არა აქვს, არც მოწმეები არსებობენ. გარდაცვლილს დანით აქვს ჭრილობა მიყენებული საძილე არტერიაში, კისერზე. ამ დროს სისხლი შადრევანივით ჩქეფს და როგორ წარმოგიდგენიათ, მკვლელის ტანისამოსი არ დაისვრებოდა? კანონში წერია, რომ ნებისმიერ ეჭვი, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და 16 დეკემბერს დათოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ განაჩენს და იმედი მაქვს, რომ სამართლიანი შედეგი დადგება.























