
როგორ ეხმაურება საპატიმროდან პრეზიდენტის გათავისუფლების აქტით გამოსულ უგულავასა და ოქრუაშვილს, მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი და იყო თუ არა სამუშაო შეხვედრებზე დიპლომატიური კორპუსის მიერ მათი გვარები გაჟღერებული?
ამ კითხვებით „პრაიმტაიმმა“ დეპუტატს მიმართა. როგორც მან განაცხადა, მისთვის რთულია ამ კითხვებს უპასუხოს, რადგან ის არ ესწრებოდა სამუშაო შეხვედრებს.
„ვინც არ ესწრებოდა შეხვედრებს, რომლებსაც დიპკორპუსი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ძალიან რთულია თქმა, იყო თუ არა ციხიდან გასათავისუფლებელი ადამიანების სახელები და გვარები დასახელებული.
მმართველი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, ეს წამგებიანია, ხოლო ოპოზიციისთვის – მცირე გამარჯვება. საერთაშორისო გამოხმაურება დადებითი იყო. საბოლოო ჯამში ეს შედეგებზე როგორ იმოქმედებს, ვნახოთ“. – ამბობს ზაზა ხუციშვილი.
შეგახსენებთ, 15 მაისს, პრეზიდენტმა ორი პოლიტიკური ლიდერის საპატიმროდან გათავისუფლების აქტს ხელი მოაწერა, რომლის შედეგად გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე დატოვეს.
ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათ დადებითად შეაფასეს ოპოზიციის ლიდერების ციხიდან გათავისუფლების ფაქტი.






















