
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
როგორ ემზადება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლის სკოლებში გაგრძელების წინ? როგორ უმკლავდება პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს და რა გეგმები აქვს 2021 წელს?
ინტერვიუ ამ თემაზე მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს ვთხოვეთ.
– ბატონო გელა, რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ონალინ სივრციდან საკლასო ოთახში გადაინაცვლებს და მანდატურებიც ისევ დაუბრუნდებიან სასკოლო გარემოს. არის თუ არა მზად მანდატურის სამსახური, პანდემიიდან გამომდინარე, ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, იცვლება თუ არა მიდგომები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით?
– პირველ რიგში, მანდატურები ძალიან მოხარულები არიან, რომ ისინი დაუბრუნდებიან სასკოლო სივრცეს. საქართველოს რეგიონებში, იმ საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური წარმოდგენილია, ისინი უკვე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. 15 თებერვლიდან კი რეგიონებს დაემატება თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. ძირითადი მიდგომები არ იცვლება. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. თუმცა, ამის პარალელურად, მანდატურები კვლავ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლების ადმინისტრაციებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში.
თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ გასულ წელს, მას შემდეგ, რაც საგაკვეთილო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა, სკოლებში დაბრუნებამდე, მანდატურებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს, თავიანთი წვლილი შეეტანათ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოეჩინათ საქართველოს მოქალაქეებისთვის. გასული წლის აპრილიდან, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, მანდატურები უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე. ასევე, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მოქალაქეების ინფორმირებისა და დახმარების მიზნით, დღემდე მუშაობენ „112“-სა და სამთავრობო ცხელ ხაზზე – „144.“
მთელი ეს პერიოდი, სრული დატვირთვით მუშაობდა და კვლავ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88. ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელსა და საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს ცენტრს და მიიღოს სრულფასოვანი, მაღალკვალიფიციური, რა თქმა უნდა – უსასყიდლო, ფსიქოსოციალური მომსახურება. ჩვენი ფსიქოლოგები თერაპიებს სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით ახორციელებენ, ასევე, შევიმუშავეთ უსაფრთხოების სპეციალური წესები და პროტოკოლი პირისპირ თერაპიების განხორციელებისთვის, გადაუდებელი შემთხვევების დროს.
– პანდემიიდან გამომდინარე, ალბათ, მანდატურის სამსახურსაც მოუხდა ბოლო პერიოდში გეგმების გადახედვა. შეფერხდა თუ არა ის რეფორმები, რომლებსაც ახორციელებდით და გეგმავდით?
– რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის რთული პერიოდია. სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო პანდემიის დამარცხება. ამდენად, დღესაც მუდმივად გვიხდება, ვიმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად და ყოველ ჯერზე დავუპირისპირდეთ ახალ გამოწვევებს. ალბათ, იცით, რომ 2019 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ გაფართოების პროცესი და გეგმის თანახმად, 2020 წელსაც, წინა წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური დამატებით უნდა შესულიყო 130 ახალ საჯარო სკოლაში. თუმცა გაფართოების პროცესი, Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შეფერხდა. ამდენად, გასულ წელს მხოლოდ 20-მდე ახალ სკოლაში შესვლა შევძელით.
რაც შეეხება 2020 წელს დაგეგმილი რეფორმების დიდ ნაწილს, საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით მათი ბოლომდე მიყვანა. განსაკუთრებით, ეს შეეხება ფსიქოსოციალურ მიმართულებას. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ სოციალური მუშაობის კომპონენტსაც და ამ მიზნით, მანდატურის სამსახურმა, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე, შექმნა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის მოდელი. შედეგად, სწორედ ახლახანს გამოვაცხადეთ კონკურსი და ჩვენს ცენტრს მალე 50 კვალიფიციური სოციალური მუშაკი დაემატება.
2019 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება საქართველოს 11 საპილოტე სკოლაში და ეს პროექტი გასულ წელსაც გაგრძელდა, სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით. პროგრამა მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბავშვებისათვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დავამზადეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეორგოლები, მათ შორის, ბულინგის, მხარდაჭერის მნიშვნელობის, მოსწავლეებში გაჯეტდამოკიდებულების, მშობლებსა და პედაგოგებს შორის ეფექტური კომუნიკაციის და სხვა აქტუალურ თემებზე.
2020 წელს, UNICEF-ის მხარდაჭერით, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა შეიმუშავა მომსახურების ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტები გაწეული მომსახურების შედეგის შეფასების მიზნით. ასევე, მანდატურის სამსახურისთვის, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა მოსწავლეთა ქცევის აღწერის ფორმისა და მოზარდთა თვითანგარიშის შეფასების ინსტრუმენტების (აშენბახი) ვალიდაცია.
ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ თანამშრომლობა ევროპის საბჭოს პროექტთან – „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ და მანდატურის სამსახურისთვის სპეციალურად შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, ჩვენი 20 თანამშრომელი ტრენერად მოვამზადეთ. ისინი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და თავიანთ კოლეგებს გადაამზადებენ.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, უკლებლივ ყველა მანდატური გადამზადდა კრიმინალური იდეოლოგიის გავლენის შემცირების კომპონენტში – ,,მოზარდთა ანტისოციალური ქცევა და სუბკულტურა”.
ამასთან, გავაგრძელეთ ჩვენი თანამშრომლების აქტიური გადამზადება, დისტანციური ფორმით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
გასულ წელს დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან და გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ჩვენი ფსიქოლოგები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული განცხადებების განხილვის ფარგლებში არასრულწლოვანთან გასაუბრების პროცესში, ასევე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის შემთხვევაში ერთვებიან.
2020 წლიდან, მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში. პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ.
ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომელთა განხორციელებაც, პანდემიის მიუხედავად, შევძლით. უფრო ვრცლად ჩვენს ანგარიშშია ასახული, რომელიც მანდატურის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს.
– როგორია თქვენი გეგმები 2021 წელს? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მანდატურის სამსახურისგან?
– უსაფრთხოებისა და რისკების მართვის კუთხით, სასკოლო გარემოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ გავაგრძელებთ რეაგირების და განსაკუთრებით, პრევენციის მიმართულების გაძლიერებას. აქტიურად გაგრძელდება საპილოტე სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ბულინგის და ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის, ასევე, აღდგენითი პროცესების დანერგვის პროექტის იმპლემენტაცია.
ასევე, ვგეგმავთ საპილოტე სკოლებში სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვას, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა, რაც სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.
ასევე, დავიწყებთ სასიცოცხლო კრიზისების ინტერვენციის მიდგომის დანერგვას სასკოლო ჩარევის დროს. ეს მიდგომა აღიარებულია ამერიკისა და ევროპის სასკოლო სივრცეში და მისი მთავარი ფასეულობაა მოსწავლის ქცევის პოზიტიური ცვლილების ხელშეწყობა, მისთვის მისივე ემოციების გააზრებაში დახმარება და სტრესული სიტუაციების დაძლევის მხარდაჭერა.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სივრცეში ძალადობის ამოცნობის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, UNICEF მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურმა მოამზადა გზამკვლევი მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისათვის. გზამკვლევზე დაყრდნობით, სასწავლო პროცესის უკონტაქტოდ წარმართვის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება, სკოლას არ გამორჩეს მოსწავლის მიმართ არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეები.
იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მალე დაამარცხებს პანდემიას. ცხოვრება ისევ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და მანდატურის სამსახურიც შეძლებს, კიდევ უფრო გაფართოვდეს, საქართველოს სულ უფრო მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიცვას და იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებაზე სასკოლო სივრცეში.






















