
თბილისში მოხუცთა თავშესაფარი “ჩემი თბილი ოჯახი” ყურადღებას ითხოვს – კოვიდინფიცირებულია დაწესებულების ხელმძღვანელი, თუმცა მოხუცებისა და იქ მომუშავე პერსონალისთვის ვირუსზე ტესტი არავის გაუკეთებია, მას შემდეგ, რაც თავშესაფრის დირექტორი კლინიკაში მოხვდა, ადგილზე არავინ მისულა.
თავად ბენეფიციარები და თანამშრომლები გადაადგილებას მაქსიმალურად ერიდებიან, რადგან არ იციან, აქვთ თუ არა კორონავირუსი. ამის შესახებ სასაუბროდ “პრაიმტაიმს” ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა.
“მოხუცთა თავშესაფარში “ჩემი თბილი ოჯახი” ხანდაზმულები უყურადღებოდ არიან დარჩენილები. დაწესებულების ხელმძღვანელი ხათუნა კობალავა და მისი მეუღლე კორანივირუსით ინფიცირებულები არიან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.
თავშესაფარში არავინ მოსულა, არცერთი მოხუცი და თანამშრომელი ვირუსზე არ გატესტილა. თავად ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლას, რადგან არ იციან, აქვთ თუ არა ვირუსი. მათ რამე რომ დაემართოთ იტყვიან, ასაკი ჰქონდათ და ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცნენო. მოხუცებს სასწრაფოდ ყურადღება სჭირდებათ” – ამბობს წყარო.
“პრაიმტაიმი” სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული თავშესაფარი უწყების პროვაიდერი არ არის და შესაბამისად, წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობაზე ინფორმაცია არ აქვთ.






















