
19:53 | 2020-09-14
მომატებულმა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში – ლევან ანთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. როგორც ლევან ანთაძე აცხადებს,
ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებულმა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში.
„ბოლო დღეების განმავლობაში მოიმატა პსრ ტესტირებების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა, შედეგად ხდება ტესტის პასუხების დაგვიანება და პასუხების ნაკლებ სანდოობა. კლინიკები გადატვირთულია და ყოველდღიური შემთხვევათა რაოდენობა გადაცდა 100. მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსალოდნელია ყოველდღიურ შემთხვევათა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა. მოქმედი პროტოკოლით ყველა პაციენტი უნდა მოხდეს კლინიკაში ანუ ყოველდღიურად უნდა გავხსნათ მინიმუმ 100 საწოლიანი საავადმყოფო.
მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მედპორსონალის დეფიციტის საკითხი, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვან რისკთან, ასევე კოვიდ კლინიკების მწირე დაფინანსებასთან. მედპერსონალის გადატვირთულობა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ინფექციის გავრცელების რისკთან“, -აცხადებს ლევან ანთაძე.
ლევან ანთაძის რეკომენდაციით ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს დროულად და გადაუდებლად.
„აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
1. უნდა გაიზარდოს პცრ ლაბორატორიების რაოდენობა აჭარაში.
2. უნდა შეიცვალოს კოვიდ ინფექციის მართვის პროტოკოლი, რაც ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას და გულისხმობს მსუბუქი მიმდინარეობით მიმდინარე დაავადების მართვას თვითიზოლაციის პირობებში, რისთვისაც სასწრაფოდ აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიური ჩართვა კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 50-დან 60% შემთხვევაში პაციენტის მართვა ხდება ოჯახის პირობებში.
3. მძიმე სამუშაო პირობებიდან და შექმნილი კადრის დეფიციტიდან გამომდინარე აუცილებელია კოვიდთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი განურჩევლად სამედიცინო დაწესებულების საკუთრების ფორმისა. ეს უნდა შეეხოს როგორც კოვიდ კლინიკებს, ასევე პცრ ლაბორტორების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ცხელების ცენტრების თანამშრომლებს.
ყველა ეს ქმედება გადაუდებლად აუცილებელია რათა ეფექტურად ვმართოთ შექმნილი მძიმე ეპიდვითარება აჭარაში და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება“, – აცხადებს ლევან ანთაძე.
ლევან ანთაძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.
„მეგობრებო, ჩვენ ახლა ვებრძვით კორონას და ვცდილობთ ხალხის გადარჩენას, რომ შევძლოთ ამ მომატებული რისკების ფონზე ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე მინიმალური დანაკარგებით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს დრო პოლიტიკურად ანგაჟირებულ სპეკულაციებში ჩავერთოთ. ეს არის პასუხი ყველას, მათ შორის პოლიტიკოსების და განსაკუთრებით ეპიდემიოლოგების მიმართ, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური მოტივები, როდესაც გარკვეულ გეგმებს წარმოადგენენ”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























