12:58 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა – კაპანაძე თალაკვაძეს პასუხობს

მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა – კაპანაძე თალაკვაძეს პასუხობს

მოსახლეობისთვის მორიგი თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, არსებული ვალდებულება შეასრულონ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითიც არჩილ თალაკვაძის განცხადებასა და წერილს გამოეხმაურა.

 

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ერთ პაკეტშია.

 

თუ ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს, შეთანხმებას ჩააგდებს.

 

„სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ბატონი თალაკვაძე, იმიტომ, რომ სიტუაცია არის ძალიან ნათელი.

 

შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე.

 

ჩვენ საარჩევნო სისტემას დავუჭირეთ მხარი და მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ.

 

ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთ პაკეტში.

 

თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, აშშ-სა და სხვა მეგობრების მხრიდან, ამ შემთხვევაში ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი“- განაცხადა კაპანაძემ.

 

მარტში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატების მონაწილეობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

ავტორი: Prime Time

X