19:54 | 2021-10-22 ავტორი: თამარ გონგაძე

მოწყენილი ვიწექი, რომ უცებ გაისმა ზარი… – რა ოცნება აუსრულეს მარიამ მემე ჟორდანიას

მოწყენილი ვიწექი, რომ უცებ გაისმა ზარი… – რა ოცნება აუსრულეს მარიამ მემე ჟორდანიას

მარიამ მემე ჟორდანიამ ვიდეორგოლი გადაიღო და კლიპს ისეთი ხარისხი აქვს, შემსრულებლის გვარს რომ არ კითხულობდე, ეჭვიც არ შეგეპარება, რომ ამერიკული ნამუშევარია.

 

კლიპის რეჟისორი ალექსანდრე ჟორდანიაა, თუმცა მემემ ის სწორედ ამ ტრეკზე მუშაობისას გაიცნო და აქ ნათესაურ კავშირს, გადამწყვეტი როლი არ უთამაშია.

 

მემეს ფართე აუდიტორია მუსიკალური პროექტებიდან – “X ფაქტორი” და “დიდი სცენიდან” იცნობს.

 

პოზიტიური გოგო, რომელსაც თვალებიც უცინის, მაყურებელმა, მისი ხორციანი ვოკალით, უკვე მიიღო. თუმცა თვლის, რომ ის ახლა იწყებს და მინი ალბომზე მუშაობისთვის თავს არ ზოგავს.

 

სიმღერა Rhyme Time ალბომის ერთ-ერთი სიმღერაა, რომელიც ამერიკელ ტიკ-ტოკერ ვიქტორიასთან ერთად “ზუმის” მეშვეობით ჩაწერა. აქაც გაუმართლა, რომ ვიკი შეეხმიანა.

 

მოკლედ, ყველაფერში თავად მემე გაგვარკვევს, თან კლიპითაც ისიამოვნებთ.

 

მარიამ მემე ჟორდანია: – სამი კვირის მანძილზე ამაოდ მოვიარე კომპანიები კლიპის დასაფინანსებაზე თხოვნით. უარით გამომისტუმრეს. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ჩემს ოთახში ვიწექი, რომ უცებ მესენჯერში ალექსანდრე ჟორდანიას ზარი გაისმა.

 

არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ რახან მოგვარე რეკავდა, ვუპასუხე. ალექსანდრემ მითხრა, რომ ნახა ჩემი და სალიოს ერთობლივი ნამუშევარი და აღფრთოვანებული იყო. მან აღმოაჩინა, რომ შორეული ბიძაშვილებიც ვართ. მოკლედ, შემომთავაზავა კოლაბორაციის გაკეთება.

 

მივხვდი, რომ სამყარო ჩემს სურვილებს უსმენს და ყველაფერს თავისი დრო აქვს!

 

ალექსანდრე საქართველოში ცხოვრობს, თუმცა უცხოურ პროექტებზე მუშაობს.

 

 

ისეთ პროფესიონალურ დონეზე გადაიღო კლიპი და მასში, თავის გუნდთან ერთად, იმხელა ენერგია ჩადო, რომ უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენი მეშვეობით.

საბოლოოდ უმაღლესი ხარისხი დაიდო.

და რაც მთავარია, ყოველგვარი სპონსორის გარეშე გადავიღეთ და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. აბსოლუტურად მეგობრების მხარდაჭერით შეიქმნა ეს ნამუშევარი.

 

მთელი ღამე ვიღებდით არაჩვეულებრივ კაფეში. ისე მიგვიღეს და დაგვითმეს ტერიტორია, რომ ზედმეტი არაფერი უთქვამთ. პირიქით, სამი ჭიქა დავლეწეთ (იცინის). მადლობა კაფის მეპატრონეებს და პერსონალს.

 

ამ კლიპში ჩემს მეგობრებს ნახავთ. ბიჭი, რომელიც (მაგიდასთან) ჩემს შეყვარებულს განასახიერებს, ჩემი უახლოესი მეგობარია. ფაქტობრივად, ძმაა. გადაღების დროს ვერაფრით ვერ ვკონცეტრირდებოდით იმაზე, რომ ჩვენ თითქოს შეყვარებულები ვართ. ჩვენი კადრის გამო, ოთხჯერ მაინც მოგვიხდა კლიპის თავიდან გადაღება.

 

2021-10-21"ხელს მოვაწერთ და თუ ათსაათიანი ფრენა არ დამეზარა, სადმე გავემგზავრებით" - დათუნა მგელაძე

 

კლიპი ერთკადრიანი, დაუმონტაჟებელი, უწყვეტად გადაღებულია. ამიტომ გადაღებისას ეს იყო რთული. ერთი შეცდომის შემთხვევაშიც, თავიდან უნდა გადაგვეღო მთელი კლიპი.

 

რაც შეეხება ვიქტორიას, მისი ხმა ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე დავკავშირებოდი. რას ვკარგავდი, ცდა ხომ ბედის მონახევრეა?! მივწერე “ინსტაგრამზე.” საუბარში დიდი მუსიკალური ქიმია აღმოგვაჩნდა.

 

და ამ ნიუ-იორკელ არტისტთან, ტიკ-ტოკერთან, “ზუმით” ისე მარტივად მოვახერხეთ ტრეკის ჩაწერა, ვერ გადმოგცემთ.

 

მან მირჩია, რომ მაქსიმალურად მომთმენი ვიყო და არ უნდა მეგონოს, რომ პირველივე სიმღერა მსოფლიოს მასშტაბებზე გავა. გამაოცა იმან რომ გოგონა, რომელიც სიმღერებს წერს, თავად უკეთებს მასტერინგს, შეფუთვას, არის ჯერ მხოლოდ 15 წლის. მას რომ უსმენ, ამას ვერც იფიქრებ. შოკში ვიყავი…

 

 

– მემე, მოდი, ვინც ინგლისური არ იცის, მათ მოუყევი რაზე მღერი?

 

– მე ამ ალბომში, რომლის ნაწილიც ეს სიმღერაა, ვმღერი ჩემი თავის განკურნებაზე. მე ვპოულობ ჩემს რეალურ სახეს და საკუთარი თავის, თავიდან შეცნობას ვიწყებ.

 

ემოციებთან კავშირში ვარ და ვიაზრებ შეგრძნებებს, მივდივარ წარსულში, ბავშვობის ტრავმებში. ვმღერი დედაზე, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დედას ხელს ვერ ვუწყობ და ვერ ვეხმარები. მინდა მალე ისეთ წარმატებას მივაღწიო, რომ დედა ძალიან კარგად ვაცხოვრო.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X