
ლაშა დიასამიძე 28 წლისაა, მეზღვაურია და უკვე მეშვიდე ნაოსნობაშია.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ის მეზღვაურის სირთულეებით სავსე ცხოვრებაზე გვიყვება.
– ახლა აფრიკაში, კერძოდ კი ტოგოში, გვინეის ყურეში ვდგავართ, ღუზაზე. გემი ნავთობმზიდია და სინგაპურის დროშის ქვეშ დაცურავს. საქართველოდან 9 იანვარს წამოვედი, 10-ში გემზე ამოვედი და იმის მერე ხმელეთზე არ ვყოფილვარ.
ამჟამად მეოთხე მექანიკოსი ვარ და აქვე უნდა დავწინაურდე, მესამე მექანიკოსად. რაც წოდების ამაღლებას ნიშნავს.
გემს აქვს ხიდურა, საიდანაც გემი იმართება, აქვს სატვირთო ოპერაციების განყოფილება, საიდანაც ტვირთის მიღება/დაცლა კონტროლდება და ასევე სამანქანე განყოფილება, სადაც არის განთავსებული გემის მთავარი ძრავი, დამხმარე და დამატებითი მექანიზმები და დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფენ გემის ექსპლუატაციას. მე მათი თვაყურის დევნება, მოვლა და უზრუნველყოფა გვევალება გემის მექანიკოსებს.
– თქვენ წახვედით „კორონამდე პერიოდში“ და გემზე რამე თუ იცოდით ამ ვირუსის შესახებ ან ახლა თუ იცით რა სიტუაციაა, მსოფლიოში?
– დიახ, 9 იანვარს დავტოვე საქართველო, როცა ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი არაფერი. ინფორმაციას კი ყოველდღე ვიღებთ გემზე, თუ რომელ ქვეყანაში რა მდგომარეობაა, როგორ იცვლება ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.
ახლა ხმელეთზე არ ვიმყოფები, ისევ გემზე ვარ, ღუზაზე, ხმელეთიდან 5-6 საზღვაო მილის მოშორებით. სავარაუდოდ, ხმელეთზე გადასვლა არც მომიწევს, რადგან ამ ოპერაციას STS ჰქვია, რაც იშიფრება, როგორც ship to ship ანუ გემი გემთან მიმაგრდება და ისე გაიცვლება ტვირთი.
– ძნელი არაა, ამდენ ხანს მხოლოდ წყლის სივრცეში ცხოვრება?
– ეს ისეთი კითხვაა, რომლის დასმისას ჯერ ღრმად ამოვისუნთქავ, გავიღიმებ და ისე ვპასუხობ ხოლმე. და რა არის იოლი? რა თქმა უნდა, რთულია.
იყო მეზღვაური, ეს არ ნიშნავს, უბრალოდ პროფესია აირჩიო. მოწოდებით თუ მეზღვაური არ ხარ, თუ სულის სიმებს არ გითამაშებს, არც ოკეანე მიგიღებს და არც – გემი.
აუცილებლად გაგრძნობინებს, რომ შენი ადგილი აქ არ არის. პირველივე ფეხის დადგმა გემის გემბანზე, ისეთია, როგორც… არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, სრულიად ქაოსში ხვდები, აზრები ირევა ერთმანეთში და მაშინ იწყებ გარკვევას, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა, იქ მოხვდი, სადაც გსურდა, თუ არა.
შემდეგ ყოველდღიურობას ეჩვევი და პირველი გასვლა თუ გადაიტანე, ნარკოტიკივითაა, ვეღარ მოეშვები. შტორმშიც მოვხვედრილვარ, როგორ არა, მაგრამ არც ისე ხშირად. მთლად ისე არ არის ხოლმე, როგორც ამას ფილმებში გვაჩვენებენ.

ზოგადად ამინდის პროგნოზი გემებზე ვრცელდება, როგორც აუცილებელი ინფორმაცია და ყველა კაპიტანი ცდილობს, გვერდი აუაროს ცუდ ამინდს ან ადგილს.
ასეთ დროს მეზღვაურებს ზოგჯერ გულის რევა აწუხებს. მე იოლად გადავიტანე, პირველივე შტრომის დროს ვიჯექი და წვნიანს მივირთმევდი, რაც ძალზე გასაკვირი აღმოჩნდა სხვებისთვის.
გემზე ეკიპაჟის 27 წევრია, ჩემ გარდა კიდევ 2 ქართველია გემზე. სახლში როდის დავბრუნდები, არ ვიცი. ეს თემა ისევ კორონავირუსთან გვაბრუნებს. ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია გემებზე ეკიპაჟის შეცვლა.
შესაბამისად, ყველა ველოდებით სიტუაციის დალაგებას. გემი ყოველთვის მოძრაობს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ერთი პორტიდან სხვა პორტში. აქ არ არსებობს საწყისი და დასასრული წერტილი.
ახლა აქედან არაბეთში მივემგზავრებით, იქიდან კი შემდეგ გვაცნობებენ, საით ავიღებთ გეზს. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები სახლში. ალბათ პირველივე შესაძლო პორტიდან მოხდება, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება.
ზოგადად, გემი მდედრობითი სქესისაა. Ship არის she, რადგან გემი არის მდედრობითი სქესის. როგორც ქალს ჭირდება ყოველდღიური მზეუნველობა, რომ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად, ასე სჭირდება გემსაც.
მეუღლეს ვეხუმრები ხოლმე წამოსვლის წინ, – ახლა მეორე გოგოს ვჭირდები-მეთქი. გასულ წელს, გემზე ვიყავი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა.

საბედნიეროდ, ინტერნეტთან წვდომა მქონდა მაგ დროს, რადგან ხმელეთთან ახლოს ვიდექით. 12 საათი ვიდექი და ველოდებოდი, სასიხარულო ამბავს.
იმაზე მეტი განვიცადე, ვიდრე სამშობიაროს კართან მდგომი ქმარი განიცდიდა და დადგა ჟამი, დამირეკეს და მახარეს, დაიბადა შენი ქალიშვილი, სახელი გვითხარიო.
მეუღლემ მარგუნა ეს ბედნიერება და სახელი მე მომანდო. ტასო დავარქვით.

მეუღლე ჩემზე პატარაა 6 წლით და სტუდენტია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს.
განსაკუთრებით მას უჭირს ჩემთან განშორება. ყოველი დაბრუნებისას ან ჩემს დაწერილ ლექსს ვჩუქნი ხოლმე ან თავის პორტრეტს, რომელსაც გემზე ყოფნისას ვხატავ.






















