18:16 | 2020-07-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მოვითხოვთ დაკითხონ მამუკა ხაზარაძე! – ბიზნესმენს ლისის ტბის საქმეს უხსენებენ

მოვითხოვთ დაკითხონ მამუკა ხაზარაძე! – ბიზნესმენს ლისის ტბის საქმეს უხსენებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაათმობინეს და აღნიშნული ტერიტორია იმავე ხელისუფლებამ „თიბისი ბანკს“ გადასცა.

 

„მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, ლისის ტბის საქმეზე მოვითხოვთ გენერალური პროკურატურისგან მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას. ასევე მთავარი მოთხოვნაა, მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით გამოკითხონ.

 

სამწუხაროდ, პროკურატურა და „ქართული ოცნების“ ყველა პროკურორი უარს ამბობს მამუკა ხაზარაძის გამოკითხვაზე, მაშინ როდესაც ის ლისის ტბის დათმობის თემასთან მიმართებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტია. ხაზარაძე წლებია საუბრობს ლისის ტბის განვითარებაზე და გადახდილ თანხებზე, თუმცა არ საუბრობს თუ როგორ მოხდა ლისის ტბა მისი კომპანიების ხელში.

 

უკვე მრავალი წელია მისგან მოვითხოვთ საჯარო პასუხებს ლისის ტბის განვითარებაში მისი ბიზნეს პარტნიორის, რამაზ ახვლედიანის გამოხატულ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებებზე. ის როგორც ბიზნესპარტნიორი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და შესაბამისად ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად მისმა ბიზნეს პარტნიორმა მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით, თავისი წვლილით, მონაწილეობით, დუმილითა და უმოქმედობით იმ წლებში ჩაიდინა, დღეს გამოუძიებელია“- ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, აღნიშნულმა ბრალდებამ გააღიზიანა.

 

„თქვენ ახლა ამას სერიოზულად უსმენთ?! პირველად საქართველოს ისტორიაში 180 მილიონ დოლარზე ავწიეთ ხელი ლისის ტბის შეძენაზე. ეს იყო ყველაზე დიდი აუქციონი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ღია აუქციონში სამი უცხოური კონკურენტი კომპანია გვყავდა.

 

ჩვენმა საერთაშორისო კომპანიამ, სადაც ევრო ბანკი იყო დამფუძნებელი, ჩემი ხელმძღვანელობით, აუქციონში მიიღო მონაწილეობა და 180 მილიონი დოლარით მოუგო ებრაულ ინვესტორებს.

 

ამ ხალხმა ხომ სასამართლო ოცნების მთავრობის პერიოდში მოიგო, მამუკა ხაზარაძე რა შუაშია?! რა ზღაპრებს ყვებიან ესენი ამიხსენით?!“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X