
“მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა”,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე.
„საქართველოს მასშტაბით საელჩოს ჰყავს 70-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული 26 ჯგუფი, რომლებიც ხედავენ განსხვავებულ რაღაცებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებსაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა. ჩვენ გვსურს მაღალი აქტივობა, რომ ქართველმა ლიდერებმა შეძლონ მოსახლეობის ხმის გაგება, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ასე მუშაობს დემოკრატია საუკეთესოდ. ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა. ატარეთ ნიღბები, მაგრამ გამოდით და მიეცით ხმა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მან ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ეს არჩევნები ასევე კარგი შესაძლებლობაა იმის დასანახად, რამდენად მუშაობს გასულ ზაფხულში დამტკიცებული საარჩევნო რეფორმა. ვფიქრობ, კრწანისი ამის კარგი მაგალითია, სადაც გვაქვს ელექტრონული არჩევნები. ბოლო არჩევნებზე ჩანდა, რომ კარგად მუშაობდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხელახალი დათვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შედეგზე ნდობის გასაძლიერებლად, რაც არის საბოლოო მიზანი, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა ამ არჩევნების შედეგებში და ქვეყანა წინ წავიდეს. საარჩევნო რეფორმებზე მოლაპარაკება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გაიმართა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები სრულიად განსხვავებული პარტიებიდან, ზოგჯერ საკმაოდ მოწინააღმდეგე პარტიებიდან შეიკრიბნენ და კანონი გააუმჯობესეს საქართველოს საარჩევნო პროცესისთვის.
მე ვიტყოდი, ახალმა პარტიებმა, პატარა პარტიებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ბევრი გაუმჯობესება, რომელიც კარგად მუშაობს, ამჯერად არის ზოგიერთი პატარა პარტიის ლიდერების მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ეს გვიჩვენებს, რა მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ამ პარტიების მრავალფეროვნებას საქართველოს საარჩევნო პროცესის გაძლიერებაში. ასე რომ, ყოველი არჩევნები არის პატარა ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა და ვიმედოვნებ, ეს არის ის, რასაც დღეს და ხვალ ვნახავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.






















