16:35 | 2020-06-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“მსგავსი რამ პირველად მოხდა” – რით გააოცა კახი კალაძის მოადგილემ მუსიკალური პროდიუსერები

“მსგავსი რამ პირველად მოხდა” – რით გააოცა კახი კალაძის მოადგილემ მუსიკალური პროდიუსერები

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია, რომელიც ახლახან დაინიშნა და რამდენიმე საქალაქო სამსახურს კურირებს, მათ შორის კულტურას, გუშინ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის მუსიკალურ პროდიუსერებს: ნატო დუმბაძეს, კახა მამულაშვილს, ზაზა შენგელიას, ბუკა კარტოზიას, დავით ოქიტაშვილს, ლაშა ბასლანძეს, გიორგი ბაბალაშვილი, თევდორე მაყაშვილი…

 

ანდრია ბასილაიამ პანდემიური პერიოდის მიერ გამოწვეული კრიზის დროს, უშემოსავლოდ დარჩენილი შოუბიზნესის სფეროს წარმომადგენლების აზრი მოისმინა, მათთან ერთად დაინტერესდა გამოსავლის ძიებით და სამომავლოდ გასათვალისწინებელი გეგმების მონახაზი გააკეთა.

 

2020-05-29"ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვია!" - კახა კალაძის მოადგილე ალექსანდრე ბასილაიას და ელდარ შენგელაიას შვილიშვილია

 

როგორც მუსიკალური პროდიუსერი, ნატო დუმბაძე “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნავს, შეკრებილი სტუმრები ბასილაიასთან შეხვედრით ძალზედ ნასიამოვნები დარჩნენ.

 

როგორც ის იხსენებს, მთელი 23 წლიანი კარიერის მანძილზე, არც ერთი კულტურის მინისტრი, ამ სფეროს წარმომადგენლებს, პრობლემებზე სასაუბროდ და დასახმარებლად არ შეხვედრია.

 

ნატო დუმბაძე: – მსგავსი რამ პირველად მოხდა და იქ მყოფთაგან ყველამ აღვნიშნეთ, რომ არც ერთს არ გვახსოვს, რომ ვინმეს მივეწვიეთ და ჩვენი აზრი მოესმინა.

 

ყველამ დიდი მადლობა გამოვუცხადეთ ბატონ ანდრიას, რომ დაგვიბარა და გვკითხა, რას ვფიქრობთ ამ კრიზისულ სიტუაციაში, შოუბიზნესის კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით.

 

ალბათ, ეს შეხვედრები ეტაპობრივი იქნება და სხვებსაც შეხვდებიან. მე ჩემი მეგობარი მომღერლებისა და მოცეკვავეების დანაბარები გადავეცი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვთ, ყველას ბანკის ვალი აქვს და იქნებ რამე მოვიფიქროთ.

 

გაჟღერდა აზრი, იქნებ რამდენიმე ლოკაციაზე რამე სცენა აშენდეს, რეგულაციების დაცვით… მონახაზი გაკეთდა, თუმცა ჯერ დაკონკრეტებით არაფერი დაგეგმილა.

 

ჩემმა კოლეგებმა მოითხოვეს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კახი კალაძეც ყოფილიყო ინფორმირებული. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდით ბატონ კახისაც და პრემიერ მინისტრსაც.

 

ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. გვაქვს იდეები. ამ პირველ შეხვედრაზე მონახაზი გაკეთდა, იდეები გავცვალეთ, ვისაუბრეთ.

 

ვინაიდან ზაფხულია, იქნებ დიდ ქალაქებში, ღია ცის ქვეშ გაკეთდეს სცენები, რომ დაკავდნენ მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები…

 

მოვითხოვეთ, რომ იქნებ ჯანდაცვის წარმომადგენლებსაც შეგვახვედრონ, ერთმანეთის აზრი მოვისმინოთ. თუ მეტრო, რომელიც არ ნიავდება, მაგრამ აამუშავეს, რატომ არ შეიძლება გაშლილ სივრცეში ჩატარდეს კონცერტები? ეს კითხვა იქვე გამიჩნდა.

 

მოთხოვნები არ წაგვიყენებია, ეს იყო მსჯელობა და მადლობა ბატონ ანდრიას. დაგვიძახა და გაგვაბედნიერება, მაგრამ მერია ვალდებული არ არის ამ საქმით დაკავდეს, ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.

 

მერია შეიძლება წაგვეხმაროს, მაგრამ ეს კულტურის სამინისტროს გასაკეთებელია. ადრეც, “კარგ დროს”, მერიის კულტურის სამსახური გვეხმარებოდა.

 

1997 წლიდან შოუბიზნესში ვარ და მე ამ სამინისტროსგან არანაიარი დახმარება არ მახსოვს. არ მახსენდება, ვინმეს დაეძახოს და ეკითხოს რამე. თუმცა აქამდე მსგავსად კრიზისულ სიტუაციაში არ ჩავვარდნილვართ.

 

კულტურის სამინისტრო მხოლოდ და მხოლოდ სახელია, შვილებს გეფიცებით, არ ვიცი კულტურის მინისტრი ვინ არის. როცა ასეთი კრიზისული სიტუაციაა და კულტურის სამინისტრო არ ჩანს, მაშინ უნდა გააუქმონ (ბოდიში მის თანამშრომლებთან).

 

მე მომღერალი არ ვარ, პროდიუსერი ვარ და სხვის წარმატებაზე ვფიქრობ. ეს ხალხი წარმატებული ვერ იქნება, დასხდნენ სახლში, ზოგს ტრანსპორტის ფული არ აქვს, გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.

 

სიმღერა მათი პროფესიაა, ექიმებს რომ კლინიკებში მუშაობა აუკრძალონ, ესეც იგივეა. კონცერტები უნდა ჩატარდეს, რომ ამდენი მომღერალი, მუსიკოსი თუ მოცეკვავე მშიერი არ მოკვდეს.

 

შეხვედრით კმაყოფილია კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც. ნატოს მსგავსად, ვერც ის იხსენებს მსგავსი ტიპის შეხვედრას ვერც კულტურის სამინისტროსგან და ვერც მერიის კულტურის სამსახურისგან.

 

დავით ოქიტაშვილი: – 13 წლის შემდეგ პირველად ვიღაცამ დამიძახა და რაღაც აზრი მკითხა. ამ შეხვედრიდან სულ რომ არაფერი გამოვიდეს, ძალიან კარგია, რომ ამ ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ იციან. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, კულტურის პალატა ქართულ კულტურაში თავის სიტყვას ამბობს.

 

ანდრია ისეთ ოჯახშია გაზრდილი, რომ მან იცის კულტურის ფასი. მისი ერთი ბაბუაა ალექსანდრე ბასიალაია, მეორე – ელდარ შენგელაია. გაოცებულები ვუყურებდით ყველანი. მადლობა, რომ შეგვკრიბეს და აზრი გვკითხეს.

 

გამოითქვა ბევრი საინტერესო აზრი. მე ვთქვი, რომ ბევრი რამ კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტია, რადგან კულტურის პოლიტიკის გამტარებელი ამ ქვეყანაში – ეს სამინისტროა. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრა ერთობლივად უნდა მოხდეს. არის საკითხები, რომელიც მერიის კომპეტენციას სცილდება.

 

ვფიქრობ, ეს ის დარგია, რომელსაც მოფერება სჭირდება. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 1 ივლისიდან ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, ამ ტურისტებს გართობა და ღონისძიებები უნდათ. ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ და რეგულაციებს დავემორჩილებით.

 

2020-06-03"დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები... ამოვიდა ყელში!" - რას გეგმავს კახა მამულაშვილი

 

საქართველოს კულუტრის პალატასთან არსებული ხელოვანთა დარბაზი, რომელიც მე შევქმენი, რამდენიმე კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

ხელოვანები მოვლენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და ისაუბრებენ თავიანთ პრობლემებზე. საქართველოს კულტურის პალატა მათ უშუამდგომლებს ამა თუ იმ ორგანიზაციასთან, სამინისტროებთან.

 

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. მთელ მსოფლიოშია კრიზისი და გამოსავალი უნდა ვეძებოთ.

 

მოკლედ, ჩვენსა და მერიის კულტურის სამსახურს შორის დიალოგი შედგა, დიალოგი დაიწყო. როგორ გაგრძელდება და რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X