
თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, ორშაბათიდან, 12 სექტემბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი უნდა განახლდეს. შემუშავებულია სპეციალური წესები, რომ ბავშვები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, საბავშვო-ბაღში მისულებს ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. სტიკერზე, ან მონიშვნაზე ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა დადგეს მშობელი, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ ბავშვს თერმოსკრინინგი უტარდება და შეჰყავს შენობაში.
ბაღში მშობლებისა და შვილების ერთმანეთთან გამომშვიდობება ერთ-ერთი მძიმე სანახაობაა – ბავშვები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მშობლებმა არ დატოვონ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიამ ყველა სახლში გამოკეტა და ერთმანეთს მეტად მიაჯაჭვა.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღში წასასვლელად და რაც ყველაზე მთავარია, როგორ მოემზადოს თავად მშობელი – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ფსიქოლოგ ნანა ჩიჩუას ესაუბრა.
„რაც აუცილებლობაა, ყოველთვის მისაღებია. მაგრამ საამისოდ, ბავშვები მშობლის მხრიდან შემზადებულები უნდა იყვნენ. ჩვენი ამჟამინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მიხედვით, ბავშვები კორონავირუსს უკვე შეგუებულები არიან, მათთვის ეს უცხო და უჩვეულო არ იქნება. რადგან ვიზუალურად, ტელევიზიით ეკიპირებული მედიკოსები ნანახი ჰყავთ და თვალი ადაპტირებულია, ამავე დროს, ყველაფერი ესმით.
მშობელმა არ უნდა იუცხოოს გარემო, არ გამოხატოს პროტესტი და პირიქით, ბავშვს უთხრას: „ნახე, როგორ სიფრთხილეს იჩენენ შენს ბაღში“, „როგორ უფრთხილდებიან შენს ჯანმრთელობას“, „როგორ კარგად აცვიათ, რადგან ინფექციისგან დაცული ვიყოთ“.. ოღოდ სიტყვა შიში არ უნდა ახსენოთ. როგორც ჩვენ ვღებულობთ ამ ფაქტს, ასევე ღებულობენ პატარებიც, ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული.
ბაღში პატარებს ასწავლიან, რომ ხელები მალ-მალე უნდა დაიბანონ, ერთმანეთს ჩახუტების ნაცვლად, უნდა გაუღიმონ. ამავე დროს, ბავშვებს ჰიგიენისკენ ვუბიძგებთ. მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა და რეგულაცია მისაღები და საჭიროა.
მშობლებს ვურჩევ, რომ ეს ყველაფერი როგორც აუცილებლობა ისე მიიღონ, თავადვე გაიცნობიერონ. რეკომენდირებულია, რომ ბავშვი დროის გარკვეულ მონაკვეთში ამყოფონ ბაღში და ყოველდღიურად, დარჩენის დრო გაუზარდონ“, – ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თითოეულ სააღმზრდელო დაწესებულებას საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი დაცული და გათვალისწინებული იყოს.
„ყველა ბაღს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა აქვს. პირველ ეტაპზე, ადაპტაციის პერიოდში, რა თქმა უნდა, სააღმზრდელო დაწესებულება ძალიან დაემხარება მშობლებს და კომუნიკაცია იქნება. ამ მხრივ, ბუნებრივია, დესპოტურ რეჟიმს არ დავაწესებთ და ბავშვებს სასიამოვნო გარემოს შევუქმნით.
ბაღის ადმინისტრაციის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად უნდა მოერგონ არსებულ ვითარებას. თუნდაც შეყვანა-გამოყვნის წესები – ზოგ ბაღს 4, ზოგს 2 შესასვლელი აქვს, ეს გეგმა იმასაც ითვალისწინებს, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განმარტავენ სააგენტოში.

























