
მოხუცი ცოლ-ქმარი ბერძნული სასამართლოს წინაშე მძიმე ბრალდებით წარსდგა. მათ სამართალდამცველები ჯაჭვით დაბმული შვილის უფლებების შელახვასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან.
სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა და ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.
“ამბავი, რომელიც ვოლოსში ხდებოდა, ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს რეალობაა და ცოლ-ქმარი უკვე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედ-მამას 55 წლის ვაჟი სახლის ეზოში 15 მეტრიანი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, საპირფარეშოც სახლის გარეთ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული და როგორც ირკვევა, ჯაჭვი იმიტომ იყო ასეთი გრძელი, რომ ცუდი ამინდის შემთხვევაში სახლში შესვლა შეძლებოდა.
75 წლის ქალისა და 79 წლის მამაკაცის (დედ-მამა) განცხადებით, მათ ვაჟს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სწორედ ამ მიზეზით ჰყავდათ დაბმულ მდგომარეობაში, რადგან ეშინოდათ, რომ სხვა ადამიანებს ავნებდა.
მოხუცებს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა და ფინანსური ჯარიმა დაეკისრათ. იმ შემთხვევაში თუ თანხას არ გადაიხდიან, მათი სასჯელი 10 თვით კიდევ გაიზრდება.
მოსამართლემ ბრალდებულ დედ-მამას უთხრა, რომ მათი შვილი ცხოველი არ არის, ჯაჭვით დაბმულმა რომ იცხოვროს.
არსებული ცნობებით, ოჯახი ბოშური წარმოშობისაა.” – წერს ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















