
დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველ წელს, 1 ივნისს, მედია სიუჟეტებს, სტატიებს, გადაცემებს ბავშვებს უძღვნის.
ამ დღეს, სხვადასხვა კომპანიები ტკბილეულს და გამაგრილებელ სასმელებს ბავშვთა სახლებს უგზავნის და ყველას ახსოვს ამ დღეს ბავშვი…
თუმცა, მათთვის „პრაიმტაიმის“ გზავნილი ერთი საინტერესო, განათლებული, შემდგარი და წარმატებული ახალგაზრდა ბიჭის ისტორიაა, რომელიც ყველასთვის თუ არა, რამდენიმესთვის მაინც გზამკვლევი იქნება.
„განათლების აუცილებლობაზე ფიქრი სკოლაში დავიწყე. სულ ვფიქრობდი, რომ როცა ბავშვთა სახლს დავტოვებდი, როგორმე თავი უნდა გადამერჩინა“ – ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი ლევან ჩახაიამ.
ის კოჯრის ბავშვთა სახლში გაიზარდა. ახლა, 28 წლისაა. პროფესიით იურისტი, ისევ სტუდენტი გახდა და ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს.
გარდა ამისა, ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფისმენეჯერია. აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და იბრძვის ქუჩაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, ბავშვთა ზრუნვის სისტემიდან გასული ადამიანების უფლებებისთვის.
მან შეძლო დაემსხვრია სტიგმა, რომ ბავშვთა სახლში აღზრდილებს წარმატების შანსი არ აქვთ.
ლევან ჩახაია „პრაიმტაიმის“ მეშვეობით, ბავშთა აღზრდის დაწესებულებებში მცხოვრებ არასრულწლოვნებს თავის გამოცდილებას უზიარებს და საზოგადოებას მიმართავს:
„სამწუხაროა, მაგრამ დღემდე, საკმაოდ ძლიერად არსებობს საზოგადოებაში სტიგმა – თითქოს ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში გაზრდილ ადამიანებს არ აქვთ ნიჭი, ზრდილობა, განათლება, უფლება, რომ იყვნენ წარმატებულები.
ბავშვთა სახლი ათი წლის წინ დავტოვე. თავად არაერთხელ გავმხდარვარ ამ სტიგმის მსხვერპლი.

კოჯრის საჯარო სკოლა დავამთავრე, სადაც ბიოლოგიურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც სწავლობდნენ. მათ მშობლებს არ სურდათ, რომ ჩემთან და ბავშვთა სახლის სხვა აღსაზრდელებთან თავიანთ შვილებს ემეგობრათ.
მწარედ მახსოვს მასწავლებლების მხრიდან ჩვენი დისკრიმინაცია – სკოლაში თუ რამე ფუჭდებოდა პირველი „ეჭვმიტანილები“ ჩვენ ვიყავით, რადგან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდით.
განათლების აუცილებლობაზე ფიქრი სკოლაშივე დავიწყე. სულ ვფიქრობდი, რომ როცა ბავშვთა სახლს დავტოვებდი, როგორმე თავი უნდა გადამერჩინა. ერთადერთ გზად განათლებას მივიჩნევდი.
ეს დედას დამსახურებაცაა. მასთან კონტაქტი სულ მქონდა და სულ მიხსნიდა, რომ განათლება უნდა მიმეღო. როცა გსაუბრებებზე ჩემს მეგობრებს უთქვამთ, რომ ბავშვთა სახლში აღზრდილები არიან, ეს ნაკლად აღუქვამთ.
დამსაქმებლებს უთქვამთ, რომ ასეთი კადრი არ გამოგვადგებაო… ამ მხრივ, იდეოლოგიურად კიდევ ბევრი სამუშაოა. ბავშვთა სახლიდან ჩემმა მეგობრებმა ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მაგრამ სიდუხჭირის გამო, სწავლა შეწყვიტეს.

მე გამიმართლა – საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად, სამართალმცოდნეობა ავირჩიე და გავხდი სტუდენტი. ამაში უცხოელები დამეხმარნენ. ამერიკელმა ქალბატონმა ბინის ქირა დამიფინანსა, გერმანელმა კი – სწავლის საფასური.
უკვე ხუთი წელია ოპერაში ვმუშაობ, ოფისმენეჯერი ვარ. ახლა, ფსიქოლოგიის შესწავლით დავინტერესდი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი.
მყავს მეუღლე, სალომე კვირიკაშვილი, რომელიც ერთ-ერთ პროექტში გავიცანი, ის ადმინისტრატორია. გვყავს ერთი წლის უსაყვარლესი ბიჭუნა.“ – ამბობს ლევან ჩახაია.























