
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აუცილებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება.
ირაკლი ჩიქოვანი კიდევ განმარტავს ვის შეუძლია საგანგებო რეჟიმისა და ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში ანუ 27 აპრილამდე გადაადგილების უფლება:
- საკვები პროდუქტების, სურსათის და სამედიცინო დანიშნულების, ფარმაცევტული პროდუქტების მიტანისა და მომსახურების სერვისებს;
- ფარმაცევტული პროდუქტების მიტანისა და მომსახურების სერვისები;
- კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელება;
- ჟურნალისტური საქმიანობა;
- მიცვალებულების გადასვენების და დაკრძალვის მიზნით გადაადგილება;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილება;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიზნით გადაადგილება;
- ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადაადგილება;
- საჯარო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული პირები;
- საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები;
- მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციების აღსრულება.
„მხოლოდ და მხოლოდ მაგალითისთვის გეტყვით, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეს ფუნქციონირებს 2835 აფთიაქი და მათ შორის, ოთხი დიდი სააფთიაქო ქსელი, რომელსაც გააჩნია 901 ობიექტი.
დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 5000-ზე მეტი სასურსათო ობიექტი და შესაბამისად, ამ მაღაზიების მომსახურე პერსონალს სჭირდება შესაბამისი საპტრანსპორტო გადაადგილება.
1300-ზე მეტი პურ-ფუნთუშეულის საცხობი და საწარმო მაღაზია არის დღეს საქართველოში გახსნილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობისათვის.
ქვეყანაში 1000-მდე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ფუნქციონირებს და მათ შორის არის 300-ზე მეტი საავადმყოფო თავისი პერსონალით.
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან სამედიცინო ობიექტამდე და ასვევე, ექიმებსაც აქვთ საშუალება, რომ მათ მოემსახურონ ადგილზე, თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.






















