
25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას ამცნო, რომ მზადდება პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოხდება იპოთეკური სესხის სუბსიდირება ოჯახებისთვის, რომელთაც შვილი შეეძინებათ, ან მრავალშვილიანები არიან. ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური, 300 მლნ ლარზე მეტია.
„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 300 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.
პროგრამის დეტალები დაზუსტებული არ არის. თუმცა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, უახლოეს პერიოდში ახალ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობა გამოსცემს დადგენილებებს, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი.
„პროგრამის ამოცანა, პირველ რიგში, ქართველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, იმიტომ რომ თითოეული ახალი წევრი – ახალშობილი არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მგონი სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯების და პასუხისმგებლობის გაზიარებით. რასაკვირველია, ეს იმ დეველოპერების დახმარებაცაა, რომლებიც ახალ შეთავაზებას გააკეთებენ, მაგრამ მთავარი ამოცანა ოჯახებისთვის, რომელიც გამრავლებაზე ზრუნავენ, საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობაა.
პროგრამის ყველა დეტალს ინდივიდუალური პრეზენტაციის დროს გავშლით. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს კონკრეტულ სამთავრობო აქტზე. თითოეული პროგრამის დამტკიცებას მთავრობის დადგენილება სჭირდება და იქ ყველაფერი გაწერილი იქნება, მაგრამ ეს ძალიან მალე შევა ძალაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პრემიერის ინიციატივას რევოლუციური უწოდა და დეტალებით დაინტერესდა.
„მინდა გკითხოთ რევოლუციურ ინიციატივაზე, რომელიც ეხება დემოგრაფიული გამოწვევების გადაწყვეტას და წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან – 300 მლნ-იანი თანადაფინანსება ახლადშექმნილი ოჯახებისთვის, რადგან დიდი დისბალანსია მიგრაციას და ემიგრაციას შორის, ქორწინებას და განქორწინებას შორის, დაბადებას და გარდაცვალებაას შორის. ეს ისტორიული ინიციატივაა და გთხოვთ, მეტი დეტალი გაგვაცნოთ, რა კრიტერიუმით მოხდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების დეტალურ გეგმას სამინისტროები მომდევნო თვიდან გააცნობენ დაინტერესებულ მხარეებს, შეჯერებული დოკუმენტი კი სექტემბრისთვის იქნება მზად.
პრემიერის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. მათი რეაქციები მიგვანიშნებს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, მოსალოდნელია შობადობის ზრდაც.
“დილიდან საღამომდე ვმუშაობ, რომ ჩემი სესხი ვიხადო და ყველა სიხარულთან ერთად სხვასაც უნდა ვუხადო სესხები…“; „გათხოვების შემთხვევაში არაფერს გვისუბსიდირებს?“ “მგონი მეშველა, ქოცი ვხდები“; „მგონი შობადობა გაიზრდება“; ვახ ცოტა მომეშვა. მესამეზე იმედია უფრო დიდი პროცენტია სუბსიდია“, – წერენ ინტერნეტში მოქალაქეები.
დაგაინტერესებთ ⇓






















