
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი – „ერისიონი“ 21 მარტიდან გაჩერებულია. მსგავსი შესვენება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს არც ახსენდება. “ხელოვნების ქურუმად” წოდებული 84 წლის მუსიკოსი, ამ უნებლიე „დაპაუზებისას“, უცხოური პრესიდან 135 წლის „ერისიონზე“ დაწერილი ციტატებით ითბობს მოგონებებს.
ბატონი ჯემალი „პრაიმტაიმს“ თავის ემოციებს უზიარებს.
ჯემალ ჭკუასელი: – ამაზე სასიამოვნო და საამაყო რა უნდა იყოს. ამერიკაში 2000 წელს გახლდით გასტროლით და მაშინ ამერიკული ცეკვის ალიანსმა ასეთი სიტყვები მოგვიძღვნა:
„მუდამ გვახსოვს თქვენი ანსამბლის შესანიშნავი სპექტაკლების სერია. თქვენმა კაცთმოყვარეობამ შეძრა ჩვენი გულები. ვიზიარებთ თქვენს შემართებას. ჩვენი მზე მაშინ ამოანათებს, როდესაც თქვენ დაბრუნდებით.“
ახლა გაჩერებული ვართ. ჩვენთან ბავშვებიც დადიან, დავითხოვეთ აბა, რა უნდა გვექნა? მთელი ანსამბლი გაჩერებულია. ხელი არ გვქონდა მოწერილი, მაგრამ გასტროლი იგეგმებოდა გერმანიაში, ხუთი თუ ექვსი კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა. ეპიდემიის აფეთქებამდე ჩინეთში გასტროლზეც იყო საუბარი… შარშან ჰქონდა „ერისიონს“ პეკინში კონცერტები, ოღონდ მე არ ვახლდი ანსამბლს. კონცერტს პირდაპირი ტრანსლაციით 600 მილიონი კაცი უყურებდა. ისე აღფრთოვანდნენ მეორედაც მიგვიწვიეს. ბოლოს უკვე საუბარი იყო, რა რაოდენობით გავემგზავრებოდით, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებული იყო. შარშან ანსამბლი 65 კაციანი შემადგენლობით იყო ჩინეთში, წელს უფრო გაზრდილი რაოდენობით მინდოდა გამგზავრება. დიდი სცენები აქვთ და იყო ამის საშუალება…
სხვათა შორის, ჩინურ პრესაში დაიწერა, კონცერტს რომ უყურებ, სცენა ისე აქვთ მორთული, გეგონებათ, სამხატვრო აკადემიის გალერეაში ხართო.
– ასეთი გაჩერება გახსოვთ ოდესმე?
– არასოდეს სახლში არ ვყოფილვარ. ანსამბლი თავიდან დაიწყებს სიცოცხლეს. ნიჭიერ ექიმებს უნდა დავემორჩილოთ. ჯანრი კაშია ჩემი ძმაკაცი იყო და როდესაც პარიზში გვქონდა გასტროლი, იქ ჯარის ვნახულობდი და იცით, რას მეუბნებოდა? თბილისში ვესინჯები ექიმებს, დიაგნოზს ვასმევინებ და პარიზში ვმკურნალობო. აი, ამ დონის პროფესიონალები გვყავს.
სახლში ჯდომა მიჭირს. მაგრამ მიხარია, რომ შვილებმა გამიმართლეს და ჩემს საქმეს ისინი გააგრძელებენ.






















