
გიორგი გაბუნიას ცნობილი და ძალიან ემოციური მონოლოგის შემდეგ დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ საზოგადოებამ ჯვარზე გააკრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, რადგან ტელევიზიის სახელით მის პანაშვიდზე პატარა თაიგულიც კი არ გაგზავნილა.
რა ტკიოდა ჯულიეტა ვაშაყმაძეს ყველაზე მეტად სიცოცხლეში? – ამის შესახებ მან თავად ისაუბრა 7 წლის წინ, როდესაც ოჯახთან ერთად „ნანუკას შოუში“ იმყოფებოდა.
ის ამბობდა, რომ ის და მისი მეუღლე ტელევიზიიდან ერთად გაუშვეს და ეს დიდი უსამართლობა იყო.
„ერთად დაგვატოვებინეს ტელევიზია, მტკივნეულია ეს თემა და დიდი უსამართლობა მოხდა და მე იმ წლებს ვერავინ დამიბრუნებს. ვგულისხმობ იურიდიულ უსამართლობას, ამას უკვე მოჰყვება მორალურიც, შემოქმედებითიც, მატერიალური…ხომ წარმოგიდგენიათ რა განცდაა ეს?!“ – ამბობდა ტელეწამყვანი.
კითხვაზე – რომ შესთავაზონ, დაბრუნდება თუ არა ტელევიზიაში, ჯულიეტამ ასე უპასუხა – „სხვათაშორის, ეს ჩემთვის უცხო არ იქნება და მაქვს კიდევაც არაერთი გადაცემა ჩაფიქრებული.“
ცნობისთვის, ლეგენდარულ ჯულიეტა ვაშაყმაძეს არხი, სადაც მან თავისი ცხოვრების 50 წელი გაატარა, 2004 წელს დაატოვებინეს.






















