15:08 | 2020-07-14 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მუხლებზე დაჩოქილმა ჩამოიხრჩო თავი – რა მიზეზებით იკარგებიან ადამიანები საქართველოში

მუხლებზე დაჩოქილმა ჩამოიხრჩო თავი – რა მიზეზებით იკარგებიან ადამიანები საქართველოში

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ადამიანი, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა, დაუდგენელი მიზეზების გამო.

 

მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში უგზო-უკვლოდ 195 ადამიანი დაიკარგა. მათგან მოიძებნა 123, გარდაცვლილი – 10, დარჩა მოსაძებნი 62 ადამიანი.

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძირითადი გარემოებები ასეთია:

 

1. გაუჩინარებული პირის ფსიქიკური დაავადება

2. ალცჰეიმერის დაავადება

3. ჯანმრთელობის მდგომარეობა

4. ოჯახური პრობლემები/კონფლიქტები

5. წინასწარ განზრახვით ნათესავებთან კავშირის გაწყვეტა

6. საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომ გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარება

7. სტიქიური უბედურება

8. საომარი მოქმედებები

9. ტურისტული მოგზაურობა/ლაშქრობა

10. მიუსაფარ ბავშთა და საოჯახო ტიპის სახლებიდან ბავშვების გაქცევა და სხვა

 

მიმდინარე წლის 7 მარტს ქუთაისში ჰოლენდიელი ტურისტი გაუჩინარდა. დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორანში, მეგობართან ერთად, სადაც საკმაოდ შეთვრნენ და გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით.

 

სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. იმ ღამეს სემ ვიგერი ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ უკავშირდებოდნენ.

 

17-დღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

 

ქუთაისში უცხოელ ტურისტს ეძებენ

 

ადიგენში 17 წლის სოსო ბალახაშვილს ეძებდნენ. ის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იყო. რამდენიმე-დღიანი ძებნის შემდეგ ის სარდაფში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

 

როგორც მისი მეზობელი ჰყვებოდა: „წვრილი თოკი ჩაუტანია მეზობლის სარდაფში და იმაზე ჩამოიკიდა თავი… თოკი სარდაფის კარზე მოუბამს და მუხლებზე დაჩოქილმა ჩამოიხრჩო თავი, თითქოს რაღაცას ინანიებდა… რა ჰქონდა მოსანანიებელი საბრალოს, აზრზე არ ვარ. იმ სარდაფში გაზაფხულამდე არავის მოუვიდოდა აზრად მისი მოძებნა. როდესაც რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდნენ, მეზობელმა ნახა სიზმარი, – სხვაგან სად მეძებენ, შენს სარდაფში მომძებნონო! ის კაცი ამ კორპუსში არც კი ცხოვრობს, უბრალოდ, ბინა აქვს. ამ სიზმრის დაჯერება როგორია, მაგრამ მერე ეტყობა, რაღაცამ არ მოასვენა და სამსახურის დამთავრების შემდეგ კორპუსში მაინც წამოვიდა. როცა მოვიდა, რომელიღაც მობინადრის სარდაფში წყალი იყო გაყინული და იქ იყვნენ ჩასულები მილების გასადნობად. იქ მივიდა ის კაცი, – ასე და ასე დამესიზმრა და სარდაფში შემყევითო… სწრედ მისი სარდაფის კარი იყო ოდნავ ღია, შევიდნენ და… იქ იპოვეს ბავშვი“…

 

რამდენიმე წლის წინ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 54 წლის მამაკაცს თითქმის მთელი თვე ეძებდნენ.

 

ის სახლიდან სოკოს საკრეფად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

 

ახალციხეში მცხოვრები გივი ცხცოვრებაშვილი სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. როგორც ოჯახის წევრები ამბობდნენ, გივი სოფელ საძელში ხშირად მიდიოდა და ხალხს სხვადასვხა საოჯახო საქმეში ეხმარებოდა. დილით ადგილობრივებს საძელში უნახავთ.

 

შუადღის 12 საათისთვის სასაფლაოზე ყოფილა და სვამდა. სოფლის მცხოვრებლებს გივი დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზეც უნახავთ, ხის ქვეშ მძინარე.

 

ბოლო ინფორმაციით, საღამოს 10 საათისთვის ის წისქვილში ნასვამ მდგომარეობაშიც ნახეს. ამის შმდეგ მისი კვალი დაიკარგა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.

 

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე 73 წლის ჰანს ჰოეფლე საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა.

 

2014 წლის 7 ივნისს ექსპერტი ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საძიებო-სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყეს. გერმანელი მეცნიერის ცხედარი 27 ივნისს, მდინარე ლაიშურას ხევში იპოვეს.

 

ვარკეთილში მცხოვრებ 19 წლის ილია ნიჟარაძეს მთელი თვე ეძებდნენ. ის საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო და ტყუპისცალი ძმა ყავს…

 

ძმები იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ მეორე ძმის დანახვის შემდეგ უცნობი ადამიანები მითითებულ ტელეფონებსა და პოლიციაში შეცდომით რეკავდნენ, რომ ილია აღმოაჩინეს…

 

ოჯახის წევრები ამბობდნენ, ილია ნიჟარაძეს არანაირი დეპრესია და პრობლემები არ ჰქონია… არც ცუდ წრეში ყოფილა არასდროს გარეული… ის 12 თებერვალს მხიარულ განწყობაზე გავიდა საკუთარი სახლიდან და უკანასკნელად საღამოს საათებში დარეკა ოჯახის წევრებთან და უთხრა, რომ სახლში მოდიოდა. ამის შემდეგ გაუჩინარდა და 1 თვის შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში აღმოაჩინეს.

 

გაუჩინარებული 19 წლის ბიჭი ...

 

ჯემალ მორჩილაძე სანადიროდ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა განგაშის ზარებს შემოკრა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. 40-დღიანი ძებნის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს – იგი შემთხვევით ადგილობრივმა მონადირემ შენიშნა ჭაობში.

 

3 წლის წინ, 12 ივლისს მესტიაში გერმანიის მოქალაქე, სერგეი სმისლოვი დაიკარგა და რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

 

ნოემბერში სოფელ ლუჰაში ხრამში გადავარდნილ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ავტომობილი 65 წლის ინჟინერს ეკუთვნოდა. იპოვეს მისი კუთვნილი პირადი ნივთებიც.

 

სერგეი სმისლოვი კომპანია ეპტისა-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სმისლოვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.

 

როგორც მისმა შვილი, ვიქტორია სერდაკოვსკა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, გაუჩინარებამდე სმისლოვი ტელეფონით ესაუბრა მეგობარს, შემდეგ კი მასთან შესახვედრად ზუგდიდიდან სვანეთის მიმართულებით მანქანით წავიდა. როდესაც მეგობარმა მას ხელმეორედ დაურეკა, სმისლოვს ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

 

უამრავი გაუჩინარებული ადამიანია, ვისი კვალის მიგნებაც ვერ ხერხდება და იდუმალებით მოცული რჩება, თუმცა იმედი ბოლოს კვდება და ასეთი ადამიანების ოჯახის წევრები იმედს არასოდეს კარგავენ, რომ ერთ დღესაც საყვარელი ადამიანი უვნებლად დაბრუნდება.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X