01:08 | 2021-09-07 ავტორი: რუსა ღვანიძე

„მუშტი მოვუქნიე კიბოს და ვუთხარი გაგანადგურებ-მეთქი“… – ვინ არის ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც ვერაგი დაავადება დაამარცხა

„მუშტი მოვუქნიე კიბოს და ვუთხარი გაგანადგურებ-მეთქი“… – ვინ არის ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც  ვერაგი დაავადება დაამარცხა

„ზოგჯერ ვნერვიულობ, კიდევ შევძლებ კლასიკურ ჟანრს დავუბრუნდე? არადა ისეთი ჩანფიქრი მაქვს, იმედია შევძლებ … არ ვიცი …“ – მაია ელოშვილი.

 

ქართველ კომპოზიტორ მაიკო ელოშვილს რამდენიმე წლის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, მუსიკოსი ამბობს რომ ვერაგი დაავადება, დაამარცა და ახლი ცხოვრება დაიწყო, რაც მთავარია, უფალი იპოვნა და მადლიერია ამ განსაცდელის:

 

მუსიკა სამყაროს ენაა და ბედნიერი ვარ, რომ მუსიკის ენით შემიძლია გამოვხატო ჩემი ემოცია და ვესაუბრო სამყაროს”… ეს სიტყვები ჯერ კიდევ 14-15 წლის ასაკში დავწერე… მე მუსიკის ენით ვესაუბრები სამყაროს!

 

უფალი, მე და შთაგონება ერთ მთლიანობას ვქმნით და იბადება მუსიკა – სამყაროს ენა, ყველაზე დიადი და ამაღლებული, ჩემი სულის ამოძახილი …მუსიკას ფერებში ვხედავ,.
ფერთან ერთად შემოდის ჩემში მუსიკა.

 

Нет описания фото.

 

ბავშვობაში, როცა მუსიკას ვთხზავდი, ფერებიც შემოდიოდა ჩემს ცნობიერებაში და შემდეგ, ამ ემოციას ვხატავდი. ეს არ იყო პეიზაჟი, ან კონკრეტულ თემაზე შექმნილი ნახატი. ეს იყო ფერებად გარდაქმნილი ჩემი ემოცია.

 

ბოლო შვიდი წელი ისეთი ქარტეხილებით იყო სავსე, რომ თითქოს არც მიცხოვრია … იყო მძიმედ გადასატანი, ქარიშხლიანი დღეები. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლიდან დავიბადე. ახლიდან ვსწავლობ სამყაროს შეცნობას, საუბარს, სიარულს …

 

მე გადავრჩი და სიცოცხლეს ვიწყებ თავიდან! ამას შეიძლება, ჩემი დაბადებაც ეწოდოს…მე დავიბადე და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.

 

ბავშვობიდან საბავშვო მუსიკას ვწერ. „ბასტი-ბუბუსთვის! რამდენიმე სიმღერა მაქვს დაწერილი. გოგიჩა და ბაბილინასთან ხშირად მიწვევდნენ. კლსაიკური მუსიკის შესრულებაში პრობლემებია, რომელიც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული.

 

უცხოეთში მუსიკის შექნაში ჰონორარს იხდიან და ჩვენთან პირიქით, კომპოზიტორმა უნდა იზრუნოს. ამდენმა ნერვიულობამ დამმართა კიბო. დაუსრულებელი პროექტები და ფინანსების გარეშე დარჩენა, ტყუილი დაპირებები, როგორც ვხვდები, საქართველოში ძალიან დიდი პრობლემებია.

 

ჩემი სახლი, ერთგვარი ოაზისი იყო, უამრავი მოსწავლე მყავდა, კომპოზიცია, ვოკალი, მუსიკის ისტორიას არა მარტო პატარებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებსაც ვასწავლიდი.

 

რამდენი ხნის წინ დაგისვეს კიბოს დიაგნოზი? 

 

შვიდი წლის წინ დამიდგინდა მკერდის კიბო, დიდი ხანი ვიმკურნალე, ქიმიოთერაპიაც ჩავიტარე და ამ ეტაპზე შედარებით უკეთ ვარ. იღლიაში, თხილის გულის სიდიდის ბურთი აღმოვაჩინე და ექიმს მივმართე.

 

სკრინინგცენტრში გამიშვეს ანალიზებზე, რის შემდეგაც მკერდზე დამიდასტურდა სიმსივნე. შემიძლია გითხრათ, რომ 7 წელი, ფაქტიურად, არ მიცხოვრია. რამდენიმე წლის შემდეგ, მარჯვენა და შემდეგ მარცხენა ფილტვზეც გადამივიდა.

 

მკურნალობის პროცესი, საკმაოდ რთულად გადასატანი იყო, მაგრამ გავუძელი. დღემდე მკურნალობის ქვეშ ვარ. თავიდან პრობლემების დაწყებას, ფიზიკურად ვეღარ გადავიტან. იმდენად მძიმე შვიდი წელი გავიარე, რომ შეიძლება ითქვას, არც მიცხოვრია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა გამოვიღვიძე.

 

თუ თქვენი ფეისბუქ პოსტებით ვიმსჯელებთ, ყოველი დღე, ახალი ცხოვრების დასაწყისია…

 

ნამდვილად ასეა, ახალი ერა დავიწყე. მართალია, ძალიან მაწუხებს ის პრობლემები, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. მეც ხომ ამ ქვეყნის ნაწილი ვარ. ვფიქრობ, რომ ვინც უცხოეთში წავიდა, ბედნიერი ადამიანია.

 

სად ასწავლიდით?

 

მუსიკალურ ათწლედში ვასწავლიდი, ჩემი პედაგოგი იყო მედეა ფანიაშვილი და მასთან ერთად ვმუშაობდი. რამდენიმე წლის წინ დაიხურა და ჩემი ვოკალური ჯგუფი – „წელიწადის ოთხი დრო“ დავაფუძნე.

 

Нет описания.

 

ძალიან ბევრ ქართველ პოეტთან ვმეგობრობდი და უამრავი სიმღერა შევქმენი. უფრო კლასიკოსებთან – გივი ჭიჭინაძე, ცირა ქიტიაშვილთან ერთად ვქმნიდი მუსიკას. ერთადერთი რაც შესრულდა, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე „დილა მშვიდობისა“ იყო, რაც თავად დავაფინანსე.

 

ძალიან ბევრი ანსამბლი, მათ შორის „ქართული ხმები“ იყო დაინტერესებული, მერიაც მპირდებოდა დაფინანსებას, მაგრამ უარი მივიღე და უამრავი სიმღერა დამრჩა, რომელიც ვერ ჩავწერე.

 

ამ ეტაზე რას საქმიანობთ?

 

ამ ეტაპზე, მხოლოდ გადასხმებით ვარ დაკავებული. კოვიდმაც ხელი შემიშალა და სახლში ვარ გამოკეტილი. მე რომ კიდევ რამე პრობლემა დამემართოს, უკვე ვეღარ გადავიტან. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ახალი შტამი შემოვიდა და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. მაქსიმალურად ვცდილობ ფრთხილად ვიყო. რაც შეეხება ჩემ შემოქმედებით საქმიანობას, ეს შვიდი წელი, ვერაფერი შევქმენი.

 

თითქოს თავიდან დაიბადეთ…

 

როგორც ახალფეხადგმული ბავშვი, ისე განვაგრძე ცხოვრება. ეს ავადმყოფობა მივიღე, როგორც განსაცდელი. საკუთარ თავში, უფალი აღმოვაჩინე და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ, რადგან მივხვდი, რომ ცხოვრება მშვენიერია.

 

დღევანდელი დღით ცხოვრება ვისწავლე. ჩემი ცნობიერებაც შეიცვალა, მხოლოდ, ვნება და ემოცია ვერ დავძლიე, მაგრამ მოციური რომ არ ვიყო, მუსიკას ვერ შევქმნიდი.

 

 

ეს ყველაფერი, ჯანმრთელობის პრობლემებმა გამოიწვია?

 

არ მგონია, რადგან განსაცდელს წინასწარ ვგრძობდი, ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი უნდა დამმართნოდა და ჩემ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა. ამიტომ მქონდა შიში, ინტუიცია მაქვს განსაკუთრებული!

 

მოხდა ისე, რომ მე „მუშტი“ მოვუქნიე კიბოს და ვუთხარი გაგანადგურებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ავადმყოფობა არის ადამიანის გონება, რასაც უკარნახებ იმას აკეთებს, რაზეც ოცნებობ და ფიქრობ, კოსმოსში უშვებ და უკან გიბრუნდება.

 

ამბობენ, ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედსო, ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ბოლომდე არა. შევეგუე ბედს და ცხოვრება განვაგრძე, ბოლო ხანებში, მიჭირს მუსიკის წერა და ხატვა დავიწყე, თან პატარ-პატარა ჩანაწერებსაც ვაკეთებ.

 

ძალიან საინტერესო და ემოციური ჩანაწერები გაქვთ…

 

მართლა? ძალიან მიხარია, ვცდილობ ყველა ვასიამოვნო. არ მინდა, ვინმეს შევეცოდო. ბევრი მეგობარი მყავს, ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებული და ვცდილობ, სტიმული მივცე. ბევრი მადლიერი მკითხველიც მყავს, მეუბნებიან, ფსიქოლოგად იმუშავეო (იცინის).

 

მე თუ რამეს ვაკეთებ, ეს არის კოლოსალური შრომის შედეგი. მადლობელი ვარ უფლის, რომ შემოქმედებითი ნიჭი მომცა. უბრალოდ, გული მწყდება რომ ჩემი ნიჭის რეალიზებას ვერ ახდენ.

 

თქვენი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები…

 

„დილა მშვიდობისა“, რომელზეც წლების განმავლობაში იღვიძებდა საქართველო. ეს იყო 1996-2000 -იანი წლები, ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სიმღერა არ მაქვს ჩაწერილი.

 

 

ჩემი საბავშვო სიმღერების პირველი კომპაქტდისკი 2000, ხოლო მეორე 2002 წელს გამოვიდა. 2000, 2001 და 2002 წლებში მქონდა სამი შემოქმედებითი საღამო კოტე მარჯანიშვილის თეატრში.

 

„სიყვარულის საღამო“ დავარქვი და მოვიწვიე თითქმის ყველა პოეტი, ვის ლექსებზეც მქონდა სიმღერები დაწერილი. კონცერტის სცენარი, რეჟისურა და განათებაც მთლიანად მე
მოვიფიქრე და ფერადი განათებაც სიმღერების გაწყობის მიხედვით შევარჩიეთ. ჩემთვის მუსიკა და ფერი განუყოფელია. ეს იყო მუსიკის, სიტყვის, ფერთა ზეიმი.

 

რამდენიმე წლის წინ, საბავშვო სიმღერების პირველი არხის და ბასტი ბუბუს ერთობლივი პროექტის დაჯილდოვება გაიმართა, რომელიც გოგიჩას მიჰყავდა. ისეთი კომფორტი იყო მასთან მუშაობა, სულ მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ-მეთი და მერიდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველანაირი სტრესი მომიხსნა.

 

Нет описания фото.

 

მასთან ურთიერთობა, ნამდვილი დღესასწაული იყო. გოგიჩამ ძალიან გული დამყვიტა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არ კვდება, სული მარადიულია და გადადის სხვა განზომილებაში. სიკვდილს არაერთხელ ჩავხედე თვალებში. ძლივს მომიყვანეს აზრზე, მაგრამ ვტიროდი რა გინდოდათ, რატომ გამომაფხიზლეთ-მეთქი.

 

რა შეგრძნებაა?

 

ეს არის სხვა განზომილებაში გადასვლა, თითქოს სადღაც მივფრინავდი, უწონადი სხეული შევიგრძენი. ნელ-ნელა ვგრძნობდი როგორ მივქროდი შორს, რაღაც სინათლისკენ. ისეთი ნეტარებაა, ასეთი შეგრძნება, ცხოვრებაში არ მქონია. ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან შევიცვალე, უფრო გავძლიერდი და სიკვდილის შიშიც დავძლიე.

 

საკუთარ თავზე მეტად, დედაზე ვნერვიულობდი, რომ გადამერჩინა. ოჯახი არ მყავს და არ ვიცი როგორია შვილის სიყვარული, დედა ისე განიცდიდა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი არ ენერვიულა. რამდენჯერ მტკიოდა, მაგრმ ხმას არ ვიღებდი, ვსვამდი ძლიერ გამაყუჩებლებს და ჩემთვის ვიყავი ჩუმად, ზოგჯერ მუსიკას ვუსმენდი, ან ფორტეპიანოზე ვუკრავდი.

 

დიდი ბრძოლა გაიარეთ, უკან დარჩა მძიმე დღეები…

 

მართლაც ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი, მაინც არ ვფიქრობ ხვალ რა იქნება. მირჩევნია ასე ვიყო, ვიპოვნო ჩემ სულში უფალი, ვიდრე მქონდეს ბევრი ფული და ვიყო უბედური.

 

სიმსივნის მკურნალობა, დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, როგორ შეძელით?

 

კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს. თუმცა მქონდა ისეთი პერიოდი რომ წამლის ფული არ მქოდა და მარცხენა ფილტვიდან, მარჯვენაში გავიდა მეტასტაზა. ცუდი პერიოდი დაემთხვა, ზაფხული იყო და ვერავინ ვნახე, რომ დამხმარებოდა.

 

სადღაც 3 000 ლარამდე მჭირდებოდა, მაგრამ რა მექნა, ვერ ვიშოვნე და ვერ შევძელი მკურნალობა. ძალიან დიდი თანხები მჭირდებოდა და მერიდებოდა ხშირად ფულის თხოვნა. აღარ მინდა იმ წლების გახსენება. მთავარია, დღეს ცოცხალი ვარ.

 

ამ ეტაპზე, რა მდგომარეობა გაქვთ?

 

მიუხედავად იმისა, რომ მასტექტომია (სარძევე ჯირჯვლის ამპუტაცია) მაქვს გაკეთებული, მეტასტაზები მაინც გაიპარა ფილტვებში. ოპერაიიდან 6 თვეში დამიდასტურდა მარცხენა ფილტვზე, რომელიც წელიწადნახევარში, მარჯვენა ფილტვზე გადავიდა.

 

ქიმიოთერაპია გავიკეთე, ამ ეტაპზე „ჰერცეპტინით“ მკურნალობა დავიწყე, რომელიც „ოქროს სტანდარტად“ არის აღიარებული, რომელმაც კიბოს უჯრედები, ერთ ადგილზე ჩაკირა და პროცესი შეაჩერა. იმედია, ასე გაგრძელდება.

 

გაცილებით ადვილია, როცა დღევანდელი დღით ცხოვრობ და არ ფიქრობ ხვალინდელზე. ხვალ, არ ვიცით – ან იქნება, ან არა! ამიტომ დღეს ვთქვათ ჩვენი სათქმელი, არ გადავდოთ. რაც მთავარია, უფალი ვიპოვნე ჩემში, აღმოვაჩინე და მადლიერი ვარ ამ განსაცდელის.

 

 

მიუხედავად ამდენი ტანჯვისა, თავიდან დავიბადე და დავიწყე ახალი ცხოვრება. ოღონდ ახლა ვაცნობიერებ სამყაროს, ავიდგი ფეხი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვდგამდი ნაბიჯს.

 

რთულია იმის წარმოდგენა, რომ უფალს, ასეთი ტანჯვისთვის და განსაცდელისთვის მადლობას სწირავ…

 

ტაძარში რომ შევდივარ, რამე კონკრეტულს, არასდროს ვთხოვ უფალს! ჩემი პირველი თხოვნაა – მოვედი შენი უძღები შვილი და მომიტევე შეცოდებანი ჩემნი და მეორე, მადლიერება.

 

მირჩევნია, მქონდეს უფლის სიყვარული, ადამიანების მხრიდან, უამრავ სიყვარულს ვგძნობ, ძალიან ბევრი წერილი მომდის მათგან. ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულია, სული მიდის, დანარჩენი ყველაფერი, ამ ქვეყნად რჩება.

 

ღმერთი არ გკითხავს მომღერალი იყავი, თუ სუპერვარსკვლავი, აინტერესებს, როგორი ადამიანი იყავი და რა სიყვარული და სიკეთე გაეცი. მადლი უნდა აგროვო და არა ქონება. სიყვარული უნდა დატოვო, რაც შეიძლება ბევრი, რომ ვინმემ ზოგჯერ მოგიგონოს და ცხონდესო, თქვას! ან ერთი სანთელი შემოგწიროს.

 

მადლიერი ვარ ყოველი დღის, რადგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისან. სწორედ, ამ სიყვარულმა გამაძლიერა და თითქოს სხვა სამყაროში დამაბრუნა. 7 წელი, ფაქტიურად არ მიხოვრია, ასე მგონია, ახლა გამოვიღვიძე. ისე მძიმედ გადავიტანე ქიმია, ვერც გადმოგემთ.

 

რას ეტყოდით თქვენი დიაგნოზის მქონე პაციენტებს?

 

მთავარია მოტივაცია, არ დაკარგონ რწმენა და სიყვარული, უფალთან ახლოს იყვნენ. პირველად რომ მითხრეს კიბო გაქვსო, სამი დღე მგლოვიარე ვიყავი. თითქოს მეხი დამეცა თავზე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა.

 

ჩემი მეზობელი ამოვიდა ჩემთან და პირდაპირ მკითხა, მაიკო რა გითრა ექიმმა, რამდენი დაგრჩაო? ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის, მთელი ღამე ტირილში გავატარე. ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ღმერთმა გამომიგზავნა. ყველა მეგობარს და ახლობელს გადავურეკე და გამოვემშვიდობე.

 

მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა, მაგრამ მერე ძალიან ვინანე, რომ დავინახე როგორ ვანერვიულე ყველა, თან ცოცხლად დამტიროდნენ. ამის მერე უნდა იყო ადამიანი და მერე ის რაც ხარ. თუ მიყვარს ადამიანი, ზღვარს გადავდივარ, ისეთი შემაწუხებელი ვხდები (იცინის).

 

ცხოვრება ერთი გაელვებაა და მინდა ეს ერთი გაელვება ვიცხოვრო სიყვარულით და არა სიძულვილით, რაც ბევრს არ ესმის. დავიღალე ამდენი უარყოფითი ემოციებით, ვცდილობ დადებითი მუხტი შემოვუშვა ჩემში. როგორც არ უნდა მტკიოდეს, სულ ვფიქრობ, რა ლამაზია ცხოვრება. მე ხომ მზის ამოსვლა, ისევ დავინახე!

 

 

არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი მოკრძალებული ხასიათის გამო, ბევრი დავაშავე. თუმცა ვერაფერს შევცვლიდი, რადგან ეს ყველაფერი ჩემი ნიჭია და არა პროფესია.

 

ამბობთ, რომ ბოლო ხანებში, ხატვამ გაგიტაცათ…

 

ბავშვობაში ვატავდი, მაგრამ ახლა ემოციას გადმოვცემ, ჩემში მუსიკა და ფერი ერთდროულად შემოდის. ახლა ისე კარგად ვეღარ ვხატავ, დიდი ხანია არ დამიხატავს. ვხატავდი პასტელით და აკვარელით, ხელები სხვადასხვა ფერის საღებავებით მქონდა აჭრელებული…

 

დღესაც დავდე ჩემი ახალი ნახატი. როცა მუსიკას ვქმნიდი, ყოველთვის ფერებით აღვიქვამდი. როცა მუსიკას ვწერდი, ამის მერე, ემოცია ნახატში გადამქონდა. ეს არის ჩემი ფერადი „ემოცია”, რასაც „დაბადება ” ვუწოდე:

 

Нет описания.
„დაბადება“ – მაია ელოშვილი

 

პასტელში, ფერადი ფანქრებით და აკვარელში ვხატავდი. ამ ეტაპზე, ჩემი ემოცია, ქაღალდზე გადამაქვს. დიდი ხანია აღარ ვწერ მუსიკას და იმედია, მუსიკაც მალე შემოვა ჩემში, . გალაკტიონის ლექსზე მიდა დავწერო მუსიკა, 7 წელია არ დამიწერია და იმედია ისევ გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას.

 

განსაცდელმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მომივლინა უფალმა, მხოლოდ გაამძაფრა სიცოცხლის სიყვარული და სამყაროს მშვენიერების შეგრძნება …
მუსიკის სიყვარულმა კი, დააცხრო ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X