
მზადდება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმდჯომარედ? – კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, „ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიული თანამდებობიდან გადააყენებენ და მის მაგივრად ედუარდ სააკაშვილს დანიშნავენ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა მოთხოვნა პარტიის წევრებს ციხიდან უკვე გაუგზავნა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნულ ინფორმაციაზე. როგორც პარტიის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ეს ინფორმაცია იმდენად აბსურდულია, რომ პასუხის გაცემაც უჭირს.
„სერიოზულად მეკითხებით? რა ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს, რას ნიშნავს – „ამზადებს“. ამ ინფორმაციას ეგენი გაავრცელებდნენ, აბა სხვა ვინ იქნებოდა? წარმოუდგენელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სულხან მოლაშვილის ძმის განცხადება კომენტარს არ საჭიროებს.
„ვინ არის მოლაშვილის ძმა? პოლიტიკოსია, ექსპერტია, საზოგადოების ლიდერია თუ ვინ? მე არ ვიცნობ ამ კაცს და რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი? სულხან მოლაშვილის ძმა ჩემთვის არ წარმოადგენს არც საზოგადოების ლიდერს, არც პოლიტიკური პარტიის ლიდერს და არც ჟურნალისტს, რომლის გამონათქვამი საჭიროებს კომენტარს“, – განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა:
„რადგან სააკაშვილი კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არა აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო“, – განაცხადა მოლაშვილმა.
ნახეთ ვიდეო ⇓ ედუარდ სააკაშვილი რუსთავის ციხესთან
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















