
მეცნიერების თქმით, სიგარეტის ფორმის ასტეროიდი, რომელიც ჩვენს მზის სისტემაში 2017 წელს შემოიჭრა, შესაძლოა დიდი სხეულის ნაწილია, რომლის აფეთქების შემდეგ დაიმსხვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მუქი წითელი ფერის ასტეროიდს სახელად „ოუმუამუა“ დაარქვეს, რაც ჰავაიურ ენაზე „მზვერავს“ ნიშნავს. თავდაპირველად, მისი წარმოშობის დადგენა მეცნიერებს ძალიან გაუჭირდათ.
მის თავისებურებებს შორისაა გაზისა და მტვრის არარსებობა, რაც, როგორც წესი, გაცხელების შემდეგ გამოიყოფა.
ახლახან კი მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „ოუმუამუა“ ეს აქტიური ასტეროიდია, რომელიც მშობელი ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ წარმოიშვა და შემდეგ გადავარდა ვარსკვლავთშორის სივრცეში.
მკვლევარები განმარტავენ, რომ ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ „ოუმუამუა“ არ არის უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი – აზრი, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებზე.
როგორც Guardian-ი წერს, უცნაური ასტეროიდი მეცნიერებს ციური სხეულების უფრო ღრმად შესწავლის შანსს აძლევს.






















