19:19 | 2021-09-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნაგავში ჯართს ვეძებ, იქ ხან პურს ვპოულობ – 11 წლის სანდრო ოჯახის ერთადერთი მარჩენალია

ნაგავში ჯართს ვეძებ, იქ ხან პურს ვპოულობ – 11 წლის სანდრო ოჯახის ერთადერთი მარჩენალია

ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა. როდესაც საჭმელი არ აქვთ, ოჯახის „უფროსი“ სამუშაოდ გადის. იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. როცა პურს პოულობს, სახლში გახარებული მირბის…

 

მან ჯერ არ იცის, ნორმალური ცხოვრება რა არის. მას არასდროს ჰქონია საკუთარი სახლი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის უზრუნველი ცხოვრება. ბევრს ოცნებობს. უნდა, რომ პროფესიონალი მოცეკვავე გამოვიდეს და მალე გაიზარდოს, დიდი ადამიანივით მშენებლობაზე, რომ იმუშაოს.

 

ამ სულისშემძვრელ ისტორიას ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია აქვეყნებს.

 

„მუშაობა არ მიჭირს, მუშაობას შევძლებდი, მართლა. ღონიერი ბიჭი ვარ და მშენებლობაზეც ვიმუშავებდი. ჯართის და ქილების შეგროვება, რა საქმეა? მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არა გვაქვს. მამას მუშაობა არ შეუძლია. ის ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება.

 

მამა მწყემსია. სანამ ცუდად გახდებოდა ბევრს მუშაობდა. მერე ცხენიდან გადმოვარდა, ერთი წელი იწვა და ვერ ინძრეოდა. დედა, როგორც პატარას, ისე უვლიდა. მერე, ფეხზე ადგომა როცა შეძლო, ერთად ვაგროვებდით ჯართს.“ – ამბობს სანდრო.

 

სანდროს უმცროს და-ძმაზე და ავადმყოფ მამაზე მისი დედა ზრუნავს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 360 ლარია საიდანაც 100 ლარს ბინის ქირაში იხდიან. დარჩენილი თანხით ოჯახმა მთელი თვე უნდა იკვებოს…

 

„ვიცი, არსებობენ დედები, ვისაც ჩემზე მეტად უჭირს, მაგრამ ჩვენ ახლა დაღუპვის პირას ვართ. ისედაც ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, მაგრამ, სანამ მეუღლე მუშაობდა, არ ვშიმშილობდით მაინც. მერე კი, როგორც სანდრომ უკვე გიამბოთ, ედიშერმა, ჩვენმა მამიკომ, ფეხი მოიტეხა. და მორჩა…

 

ყოველგვარი საყრდენის და იმედის გარეშე დავრჩით. ტრავმის შემდეგ ჩემი მეუღლე ვერ ინძრეოდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე ვუვლიდი.

 

დედაჩემი და მამაჩემი მხარში ძალიან დაგვიდგნენ, ახლა ცოცხლები რომ ვართ, მხოლოდ მათი დამსახურებაა. ისინი სოფელში ცხოვრობენ, ხან ბოსტნეულს გამოგვიგზავნიან, ხან ბურღულეულს. საჭმლის ფული საერთოდ არ გვრჩებოდა, ყველაფერი წამლებსა და მკურნალობაში მიდიოდა.

 

ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენზე უარეს პირობებში უწევს ცხოვრება. მაგრამ მე ახლა მართლა ძალიან მიჭირს. არ მაქვს სხვა გამოსავალი, შიმშილმა გვაიძულა კეთილი ხალხისთვის დახმარება რომ გვეთხოვა. ყველაფერი გვჭირდება! მაგრამ პირველ რიგში, პროდუქტი! უკვე ვერც წარმომიდგენია, როგორია დაძინებისას არ იდარდო იმაზე, ბავშვებს საჭმელი რომ არ აქვთ ხვალისთვის. კიდევ საწოლები გვჭირდება, რამდენიმე სკამი მაინც და კარადა.

 

სანდრო ჩემი დიდი ტკივილია… მან არ იცის, რა არის ბავშვობა. გული მტკივა, როცა ვუყურებ, ჩვენს გამო, როგორ ტანჯვაში ატარებს თავის ყველაზე უდარდელ წლებს…

 

ჩემს პატარა გოგონას, ელენეს ძალიან უჭირს ლაპარაკი. ახლახან ელენეს ხორხის ოპერაცია გაუკეთეს. კისტა ჰქონდა, ამოკვეთეს. გადავრჩით, ღმერთის წყალობით.“ – ამბობს სანდროს დედა, ეთერი ნიპარიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X