20:29 | 2020-06-06 ავტორი: თეონა აბესაძე

ნახატებში ასახული პანდემია –  ახალგაზრდა მხატვარი წინასწარმეტყველური ნამუშევრებით

ნახატებში ასახული პანდემია –  ახალგაზრდა მხატვარი წინასწარმეტყველური ნამუშევრებით

„მეუბნებიან, თითქოს ეს წინასწარმეტყველური ნახატებია. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული ნათქვამია. მაგრამ მე საკმაოდ ძლიერი შეგრძნებები მქონდა და სულ მაწუხებდა ეს განცდები, სულ ვფიქრობდი და მესიზმრებოდა ამის შესახებ.

 

ამიტომ რა უნდა მექნა? ამის ყველაზე კარგად გამოვლინების საშუალება ხომ ტილოზე გადატანა და დახატვა იყო. ხოდა მეც ასე მოვიქეცი“, – გვიყვება ახალგარდა მხატვარი.

 

33 წლის კოკას ნამუშევრებში კიდევ რამდენიმე ტილოა, რომელიც გასულ წელს დახატა და ერთი შეხედვით, კორონავირუსის პანდემიას და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სრულად ასახავს. გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა.

 

კოკა ჭანკოტაძე თბილისში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ერთი შეხედვით სხვების მსგავსი, მაგრამ მაინც განსხვავებული ბავშვობა ჰქონდა.

 

ხატვა ხუთი წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ექცა.

 

 

„გატაცებაცაა და სხვა კიდევ, უფრო მეტად გლობალური სფეროა ჩემთვის, რომელსაც არანაირი კანონი და წესი არ გააჩნია და რომელიც გაბნეულია სამყაროში არსებულ ყველა საგანსა თუ ცოცხალ არსებებში, უძრაობაში და მოძრაობაში.

 

ის ყველაფერია და მასზე ამაღლებული და აღმატებული სხვა არაფერი მახსენდება, მხოლოდ მუსიკას თუ გავუტოლებდი“.

 

მუსიკას კი დიდი ადგილი უჭირავს არა მარტო მის ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, არამედ მის შემოქმედებაშიც.

 

„მუსიკა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებობს იშვიათი მომენტები, როდესაც უბრალოდ ხელები, სხეული და სურვილები ხატვას ითხოვს, მაგრამ დიდად არ გაქვს თემატიკა. მუსიკას შეუძლია ინსპირაციაც მოგცეს და ხასიათის დახატვისკენ წაგიყვანოს.

 

მის გარეშე ხატვა ვერასოდეს წარმომიდგენია. ერთხელ საავტომობილო გზისპირა კედლებს ვხატავდი და მუსიკა გამეთიშა, ყურსასმენები გამიფუჭდა.

 

ძალა მოვირიბე და ვეცადე გონებაში სასურველი მუსიკა გამეცოცხლებინა. მუსიკის გარეშე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ თუ ხდება“.

 

 

კოკა სკოლის დასრულების შემდეგ დილემის წინაშე დადგა. არჩევანი უნდა გაეკეთებინა  მისთვის ორ ძალიან სასურველ პროფესიას შორის – ან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა გამხდრიყო, ან სამხატვრო აკადემიიის. მსახიობობა არჩია.

 

ამ პერიოდში თითქმის აღარ ხატავდა, ამიტომ ემოციები სცენისკენ მიმართა.

 

პარალელურად, სწავლობდა მუსიკას, უკრავდა, ბევრს კითხულობდა. მესამე კურსიდან მოთხრობების წერა დაიწყო. ამით ცდილობდა იმ ემოციებისგან გთავისუფლებას, რომელსაც მანამდე ხატვაში დებდა.

 

დროთა განმალობაში თვითგამოხატვის ეს საშუალებები არასაკმარისი გახდა, ამიტომ რამდენიმე წელიწადში კოკა მოლბერტს და პალიტრას დაუბრუნდა.

 

პირველი პერსონალური გამოფენა 2016 წელს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში შედგა. სახელიც შესაბამისი ჰქოდა – „დაულაგებელი განცდები“.

 

„წლების მანძილზე დაგროვილი ემოციების ფეირვერკი იყო ეს გამოფენა, უმთავრესად შეგრძნებას ეხებოდა, ადამიანურ  ტრაგედიებს, სიხარულს, ბედნიერებას. ტილოებზე იკითხებოდა ყველაფერი ის, რის თქმასაც ხატვას გარეშე ვერ ვახერხებდი“.

 

იგივე თემატიკის იყო მეორე პერსონალური გამოფენა, რომელიც 2017 წელს გამართა.

 

ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები სახელის  „სული რომ ამომდიოდა“ ქვეშ გააერთიანა.

 

„არსებობს მდგომარეობა, რომელიც კომასა და პარალიზებას შორისაა. მძაფრად შევიგრძენი და ამას ადამიანები ძალიან ხშირად განიცდიან. სხეული სიცოცხლეს განაგრძობს, მაგრამ უსუსური და უმწეო ხარ იმის გამო, რომ არასწორმა შედეგებმა იმდენად დიდი ტკივილი შექმნეს, რომ სიცოცხლის სურვილი ნაკლებად არსებობს, უფრო თეორიული გაცნობიერება, რომ უნდა იცოცხლო.

 

ადამიანები საშინელ შედეგებს ტოვებენ. პარალიზებულ შეგრძნებამდე… მქონდა მოლოდინი დამთვალიერებლისგან, რომ სწორად გაიგებდა ნამუშევრების თემატიკას. მე ვხედავდი მათ თვალებს, როგორ ათვალიერებდნენ ნამუშევრებს.

 

ამ გამოფენაზე საშინლად მიფეთქავდა სხეული მღელვარებისგან, იმის გამო, რა რეაქცია ექნებოდა დამთვალიერებელს, ოდნავ მაინც თუ შევძლებდი მათ თანაგრძნობას, მათი ტკივილების პასუხს“.

 

 

ამბობს, რომ მის ნახატებში ყველაფერია: ადამიანები,  გარემოებები, მძაფრი განცდები, შეგრძნებები და შემთხვევები, რომლებმაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვეს.

 

„ყველა ტკივილი და სიმახინჯე, რასაც ვერ ვეგუები სამყაროში, შემიძლია საღებავებით გადავაკეთო, გადავფარო და შევცვალო.

 

ამ სამყაროს ვერავინ შეეხება, ვერც წამართმევს და ვერც გადააკეთებს. ეს ანარქია არაა, არც გადამეტებული თავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც დღეს საზღვრები აღარ აქვს და არც დემოკრატია, ეს მხატვრობაა და აქ ყველაფერი ჩემია.

 

რეჟისორიც ვარ და კანონმდებელიც… ერთი თეთრი ტილო გაქვს და ბევრი საღებავი, ცოტა ემოცია. და ეგაა საკმარისი რისთვისაც ვერასოდეს ვერ უნდა მოისვენო, რომ არ დახატო“.

 

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს
2020-05-12თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

 

საკუთარ თავს ყველა ნამუშევარში ხატავს. სხვადასხვა სიუჟეტში ხშირად ისეთი აღმოჩნდება ხოლმე, რომ შემდეგ ამაზე ფიქრი და ჩაღრმავება უწევს. ძირითადად, ზეთის საღებავებით მუშაობს, ხატავს საღამოს ან ღამის საათებში. ამბობს, რომ ძიების ხანგრძლივი პროცესის სემდეგ, თავისი სტილი იპოვა. ამბობს, რომ მისი შემოქმედების სახე წარსულმა განაპირობა.

 

Koka Chankotadze-ს ფოტო.

 

მიაჩნია, რომ ხელოვნება ისაა, როდესაც უცხო ადამიანს თანაგრძნობის სურვილი გაუჩნდება. ეს ოცნებების ასრულების საშუალებაცაა.

 

„ამ ეტაპზე, არაფრით ვარ კმაყოფილი რასაც მივაღწიე, იმიტომ არა, რომ ხელოვანი სულ უნდა ვითარდებოდეს და ახალ-ახალი ფორმები იპოვოს თუ რითი უნდა უთხრას საზოგადოებას სათქმელი და გამოსავლის ძიებაში დაეხმაროს, არამედ იმითომ, რომ მიუხედავად დიდი ნდობისა, რომ ისინი ეცდებიან ნამუშევრებში ჩადებული თანაგრძნობის ფორმების აღქმას,

 

მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით მაინც არაა იმის მზაობა, რომ ბევრი უნიკალური ხელოვანის ნამუშევრების გაცნობიერება შეძლონ“.

 

 

„ხელოვანისთვის მიზანი რა თქმა უნდა არსებობს, ჩემი მიზანია ამ სამყაროში ტკივილი შეგიმსუბუქო. ახლა ამ საუკუნეში ამაზე უმნიშვნელოვანეს საქმედ სხვა არაფერი მიმაჩნია“.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: თეონა აბესაძე

X