
არჩევნების დღეს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს.
კერძოდ, ამ დღეს შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.
დაუშვებელია შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.
დაუშვებელია აგრეთვე არჩევნების დღეს შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
აკრძალულია არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და არჩევნების დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება საღამოს 20:00 საათამდე.
შეგახსენებთ, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























