
ახალ სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალი ლიცენზირებული პროექტების კასკადით იწყებს.
სამშაბათს, 14 სექტემბერს, 22 საათზე, ამ არხზე, CBS-ის ცნობილი შოუს – The Talk-ის ქართულ ანალოგს იხილავთ. უნდა გითხრათ, რომ 11 ემისა და 51 ნომინაციის მქონე შოუსთვის, არხი, მთელი ზაფხულის მანძილზე ეძებდა წამყვანებს.
სინჯებზე მოდიოდნენ თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეები – მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, ტელესახეები… აქტუალურ, მიმდინარე, საკამათო თემებზე საუბარი, ზოგს გამოსდიოდა, ზოგს – მეტნაკლებად.
საბოლოოდ კი ეს ხუთეული შეირჩა, მოულოდნელი, ახალგაზრდული, მოტივირებული და საინტერესო.
The Talk წამყვანები არიან: ნელი აგირბა, ნატა ასათიანი, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე და მარიამ სანოგო.

ნატა ასათიანი: – ერთ-ერთი წამყვანი, ამ სუპერ პროფესიონალ და დამსახურებულად პოპულარულ ადამიანებთან ერთად, მეც ვიქნები.
წარმოუდგენლად სასიამოვნო სიახლეა ჩემთვის, თუმცა სიამოვნებაზე მეტად, დიდი პასუხისმგებლობაა “რუსთავი 2”-ის და The Talk-ის ლოგოების ქვეშ მუშაობა.
ამრიგად, ვიწყებთ და ამიერიდან ყოველ სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო და ყველა აქტუალურ თემაზე.






















