14:22 | 2021-02-24 ავტორი: Prime Time

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება – პრემიერ-მინისტრის განცხადება

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება – პრემიერ-მინისტრის განცხადება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

გთავაზობთ ჩამონათვალს:

 

• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

 

• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

 

• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

 

• რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

 

• ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

 

• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

 

• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;

 

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

 

• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

 

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

 

• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

 

• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;

 

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;

 

• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

 

ნახეთ ვიდეო: ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება 

 

ცნობისთვის, ქვეყანაში რამდენიმე კვირაა კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 2,36%-ია. რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ამასთან, 24 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 443 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6, ხოლო გამოჯანმრთელდა 461 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

X