15:13 | 2021-02-22 ავტორი: თამარ გონგაძე

ნახეთ, ვინ აღმოჩნდა სოცქსელში პოპულარული ბებო, რომელიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ლექსად ამბობს

ნახეთ, ვინ აღმოჩნდა სოცქსელში პოპულარული ბებო, რომელიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ლექსად ამბობს

საყვარელი ბებოს ვიდეო, რომელიც შვილიშვილს ცხოვრებისეულ სიბრძნეს ლექსად უზიარებს, რამდენიმე დღეა სოციალურ სივრცეს იპყრობს. ეს სათნო ღიმილის მქონე ქალბატონი, მსახიობი ნინო საკანდელიძე გახლავთ, მსახიობ მანუჩარ შერვაშიძის ცოლი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი.

 

90 წლის მსახიობი “პრაიმტაიმის” ზარმა ძალზედ გაახარა. თავისი წუხილი გაგვიზიარა, ამ ვიდეოში ცუდად გამოვიყურები, რომ მცოდნოდა მას ქვეყნიერება ნახავდა, იმ ექთანს მისი გამოქვეყნების საშუალებას არ მივცემდიო.

 

წაიქცა და ახლა წევს. როგორც გვიყვება, ყოველდღიურად გადახვევებზე სხვადასხვა მედპერსონალი აკითხავს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ერთმა ექთანმა გადაუღო და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნინო საკანდელიძე ვერც იფიქრებდა, რომ მისი ლექსი ასე დაიპყრობდა ადამიანების გულს.

 

ნინო საკანდელიძე: – ვწევარ და ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, შვილო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის.

 

ეს დღეები ჩემთან დადიან ექიმები, ორ-ორი, სამ-სამი, ყოველდღიურად. ახალგაზრდა ექთანი გოგოებიც იყვნენ. მე ლექსები მიყვარს და წავუკითხე. სასწაულად მოიხიბლნენ. და ერთმა გადამიღო ვიდეო. თურმე, გამოუქვეყნებია ინტერნეტში. ჩემდა სამარცხვინოდ, არც ვიცი ამ ინტერნეტის მოხმარება.

 

ეს ლექსი დაახლოებით 25-30 წლის წინ დავწერე. ფანჯარასთან ვიდექი და თოვლზე ვბუზღუნებდი, რა გააწყალა ამ წვიმამ და თოვლმა გული-მეთქი. დასვარა და გააოხრა ყველაფერი-მეთქი. ბათუმში ნალექი გასაკვირი არც არის. ჩემი შვილიშვილი, ბიჭი, პატარა იყო მაშინ და მეკითხება, ბებო, ცას რომ ცრემლი მოსდის, ვინ გალახა, თუ იციო? ასე ავეწყეთ… და დავწერე ეს ლექსი.

 

2010 წელს მანუჩარმა ჩუმად მომპარა ლექსები, წაიღო და დაუკითხავად გამოუშვა კრებული…

 

სცენაზე მთელი ჩემი ცხოვრება გენიოსი პოეტების ლექსებს ვკითხულობდი და შინაგანად ისეთი აწრიალებული ვიყავი, მინდოდა ლექსები მეწერა. ალბათ, პოეზიის საღამოებმა და კონცერტებმა, რომელიც მიმყავდა და მხატვრულად ვაფორმებდი, განაპირობა ის, რომ მეც დამეწერა.

 

ბოლოს, პანდემიის სლოგანს – “დარჩი სახლში” გამოვეხმაურე.

 

“დარჩი სახლში, სად მიდიხარ, სახლი შენი გულია.

უგულოდ და უსახლკაროდ, ეს ცხოვრება რთულია.

დარჩი სახლი, გევედრები, არ გეგონოს, ტყუილია.

თქვენმა დარდმა, მწუხარებამ, ამომხადა სულია.

დარჩი სახლში, დარჩი სახლში, ეს მსოფლიოს წყლულია.

დარჩი სახლში, გევედრები, არ მატკინო გულია…”

 

საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ...

 

ასაკი დიდი ხანია მოვჭამე, 90 წლის ვარ, თუმცა მახსოვრობას არ ვუჩივი. მახსოვს ლექსები… სცენაზეც ბოლოს, ოთხი წლის წინ ვითამაშე სპექტაკლში “ბოლო გაჩერება.”

 

მე დიდი და უცნაური სიყვარული მაჩუქა მაყურებელმა. მათაც მივუძღვენი ლექსი და კრებულს დავარქვი “მადლობელი ვარ სიყვარულისთვის”.

 

მსახიობი თეატრიდან რომ გამოდის, მას ქუცაში მაყურებელი მუდამ აკვირდება, როგორია ცხოვრებაში, რანაირია. დაახლოებით, 30 წლის წინ გამოვედი თეატრიდან და მივდიოდი სახლისკენ. მაშინ მოშორებით ვცხოვრობდით თეატრისგან. დგანან ქუჩაში მაყურებლები და მიყურებენ. მე გავუღიმე და გავიარე. ზურგს უკან გავიგე, ვაი, სირცხვილო, როგორ დაბერებულაო…

 

სანამ სახლამდე მივედი, ლექსი დავწერე. ასე, ლაპარაკ-ლაპარაკით.

 

“დაბერებულხარ, ვაი, სირცხვილო. მომახალეს გზაში შეხვედრილს.

სახეზეო წლების კვალი მძიმედ ატყვია.

რას მაკვირდები ასე ჟინით? რა გემართლება?

წლების ნავარგი სუფთა გულია, რაც გამაჩნია.

შენსას არ იშლი, მაინც ყვირი რა დრო გასულა?

თითქოს ამ დროში შენი წვლილი არ ურევია.

მთავარი არის სუფთა გზებით იარო ქვეყნად,

თორემ სიბერე რა ხშირ-ხშირად მოსატანია?

იცი, რატომ ვარ ასე მშვიდი, ამაღლებული?

უკან მოხედვა მეამაყება და მიხარია…”

 

Exclusive: ისე მციოდა, კადრს მიღმა ვიგინებოდი - როგორ ცხოვრობს დღეს
2020-07-28Exclusive: ისე მციოდა, კადრს მიღმა ვიგინებოდი - როგორ ცხოვრობს დღეს "დურუ ხუნჭუა"

 

მანუჩარი

ნინო საკანდელიძემ და მანუჩარ შერვაშიძემ 65-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ბათუმელი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიმკეს და მსახიობები ამით ამაყობენ.

 

მანუჩარ შერვაშიძე: – ბათუმის თეატრში ახალი ჩასულები ვიყავით, რომ ზედიზედ დაიდგა „ოტელო“, „ჰამლეტი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „ჯარისკაცის ქვრივი“ და ნინიკოც სულ მთავარ გმირებს, დეზდემონას, ოფელიას თამაშობდა. რავალია?

 

გული იმაზე მწყდება, რომ მე და ნინიკო პარტნიორები არ ვყოფილვართ. ის “გერაინიებს” თამაშობდა და მე სახასიათო როლებს. სამაგიეროდ, ცხოვრების პარტნიორები ვართ 65 წელია.

 

სიყვარული თუ გაქვს, ყველაფერი კარგადაა. ბედნიერი ვარ, ისეთი ქალბატონი შემხვდა, რომ არც არასდროს დაგვძაბვია ურთიერთობა. არ მიეჭვიანია. ყველაზე მაგარი ბიჭი ვიყავი და! თუმცა გამიბრაზებია, როგორ არა. მაგრამ როლებით დატვირთული რომ იყო, ბევრჯერ სადილიც გამიკეთებია. ერთხელ პირდაღებული მჭადი დავახვედრე. ახლა რომ მესიჯებს უგზავნიან ერთმანეთს და ისე ქორწინდებიან, ესაა სიყვარული? ოთხი წელიწადი ვსდიე, მაგრამ ცოლად შერთვამდე ხელი არ “მომიკიდია” მისთვის. მექალთანე არა, მაგრამ ხანდახან კბილს გავკრავდი ხოლმე…

 

ეს არის ამონარიდი მანუჩარ შერვაშიძის ინტერვიუდან, რომელიც მსახიობმა ზაფხულში “პრაიმტაიმს” მისცა. აი, რას ამბობს მეუღლეზე ქალბატონი ნინო.

 

Exclusive: ისე მციოდა, კადრს მიღმა ვიგინებოდი – როგორ ცხოვრობს დღეს “დურუ ხუნჭუა”

 

ნინო საკანდელიძე: – ჩვენ ძალიან ერთნაირი სიყვარულით ვარსებობთ. მოიცა, მანუჩარზეც მაქვს ლექსები დაწერილი. აბა, გავიხსენო…

 

“სიბერე მოვიდა, მანუჩარ, რომელიც გვამშვენებს მეტად,

სიმდიდრე შენც იცი, რაცა გვაქვს, ერთგულად ვიარეთ ერთად.

ერთი დაფიქრება და სიყვარული, ერთი აყვირება და დარდი,

არ იყო არასდროს ღალატი, რაც იყო, ის იყო ნაღდი.”

 

უღალატოდ ვიცხოვრეთ. ღალატს მე არ ვეძახი ქალისკენ გახედვას. რად გინდა ის კაცი, ქალისკენ რომ არ გაიხედავს და არ იცის, რა არის კარგი და გლახა?! ღალატი სხვა რამეა. მთავარი ფასეულობებისგან, ცხოვრებისეული ღირებულებებისგან გადახვევაა ღალატი.

 

მანუჩარი ჩემი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლეა… მთელი ცხოვრება ერთმანეთის სიყვარულში გავატარეთ. ჩხუბი არ ვიცოდით. ჩვენ ვჯიჯღინებდით. ჯიჯღინის მერე კი ვეფერებოდით ერთმანეთს.

 

თეატრალურ ინსტიტუტში ფეხი რომ შევდგი, თურმე მოვწონებივარ. მთელმა ინსტიტუტმა იცოდა ეს და მაიმუნობდნენ.

 

ოპერაში დავდიოდი ხშირად. ჩემი მეგობრები “მყიდდნენ”, ნინიკო ოპერაშია, იქ არის, იმ რიგშიაო. მანუჩარმაც სულ იცოდა, სად ვიყავი. ერთხელაც ოპერიდან მოვდიოდით მე და მანუჩარი. თენგიზ არჩვაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი კიბეზე იყვნენ გადმომდგარი და ნიშნის მოგებით მომმართეს – სად ბრძანდებოდით, ქალბატონოო? ოპერაში-მეთქი. ვისთან ერთადო? აი, გვერდით რომ მიდგას, მანუჩართან ერთად-მეთქი და უცებ სიმღერა დაიწყეს – “გაბმულხარ ჩიტო მახეში, გაჩერდი, ნუღარ ფრთხიალებო”…

 

ვიქორწინეთ და თეატრალური ინსტიტუტიდან ბათუმში გაგვანაწილეს. მანუჩარმა მითხრა, წავიდეთ, ერთი ორი თვე ვიცურავებთ და დავბრუნდებითო. ბათუმმა ისე მიგვიღო, უკან აღარ დავბრუნებულვართ. ორი თვით “საცურაოდ” ჩასულები, აგერ უკვე 65 წელია “ვცურავთ”… დიდი სიყვარული გვაჩუქეს. გაგვიხსნეს ვარსკვლავები…

 

მსახიობისთვის ძნელია უსცენობა. სულ გინდა მუშაობა. მე ხან ვწერ, ვფიქრობ. მახსოვრობას არ ვუჩივი. მსახიობი ავად რომ გახდებოდა და მისი შეცვლა იყო საჭირო, მაშინვე ნინიკოს ეძებდნენ. დღეს რომ მომცემდნენ როლს, საღამოსთვის უკვე ვიცოდი.

 

იცით, ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარული და ყურადღებაა. ახლა არ მოვყვები გასაჭირზე, რაც ადამიანს ხვდება ცხოვრებაში. როგორ ვიცხოვრეთ მანამდე, გვაწვიმდა თავზე, ვიწექით წყალში… მაგრამ მთავარი გამახსოვრდება და ეს სიყვარული, პატივისცემა და ყურადღებაა…

 

ჩემს ლექსს წაგიკითხავთ სიბერეზე…

 

სიჭაბუკე და სიბერე

 

“უკან მოვიხედე, ეს რა წლები გასულა. სიყმაწვილე, სიხარული, როგორ უცებ წასულა.

სიბერე და სიჭაბუკე, ერთ სუფრასთან დამსხდარან. ჭაბუკს სიჭაბუკე შვენის, სიბერეს კი – ჭაღარა.

ერთი ძალზედ ლამაზია, მეორე მთლად დამჭკნარა. ვერ აცდები ვერც ერთ მათგანს, თუნდ შემოკრა ნაღარა.

ეს ცხოვრების კიბე არის, ასასვლელი მაღლა, რა… თავდაღმართსაც თავის შნო აქვს, გინდ მერწმუნეთ, გინდ – არა.”

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X