
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი და მისი მეუღლის საათების ღირებულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფაქტები „მიზანმიმართულად დამახინჯებულია“.
ღარიბაშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე 10 წელი მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე, სადაც მაღალი შემოსავალი ჰქონდა.
„მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს დასამალი.
როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული.
მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია, როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, თუ სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.























