17:11 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს – ვახტანგ გომელაური ავსტრიელი პედაგოგის მკვლელობაზე

ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს – ვახტანგ გომელაური ავსტრიელი პედაგოგის მკვლელობაზე

“უფრო ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს… უფრო საქართველოს მოქალაქე“, –  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, გამოძიების დროს რაღაცები გამოიკვეთა თუმცა პროცესებს რომ ხელი არ შეუშალოს უფრო კონკრეტულად საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

 

„ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“, – განაცხადა გომელაურმა.

 

ცნობისთვის, 30 ივლის, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, შანაი ბრუკი დაიკარგა. როგორც მისი , მეგობარი აცხადებს, ბოლოს შანაისგან შემავალ ზარს უპასუხა, თუმცა უშუალოდ ქალს არ გასაუბრებია და მობილურში ძალადობის ხმა ისმოდა, თუ როგორ უყვიროდა ავსტრალიის მოქალაქე უცხო პირს, რომ მისთვის ხელი გაეშვა.

 

მომდევნო დღეს ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველის გარდა მისი მეგობრები და მოხალისეები ჩაერთნენ. 31 ივლის საღამოს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შანაი ბრუკლი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი ფოთლებითა და ტოტებით იყო დაფარული.

 

 

თავდაპირველად უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკარგვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა სულ მალე მუხლი გადაკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

 

ავტორი: Prime Time

X