
ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლალი ტურძელაძე ბოლნისიდან გადმოყვანილ, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს.
„დღეს შემოიყვანეს ბოლნისიდან ორსული ქალი, 25 წლის. არის 22 კვირის ორსული. ბოლნისის მცხოვრებია და 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი.
შემდეგ ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და არსებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი.
გადმოიყვანეს ჩვენთან, ამჟამად ქალის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურა ამ წუთში არ აქვს. შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა.
ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია.
საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
დღეს, 26 მარტს, ბოლნისში სწრაფი ტესტით კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა. ორსული ქალი მარნეულში ინფიცირებული პირველი პაციენტის ნათესავია.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















