
ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ვიდრე მამაკაცებს. თუმცა, ამასთან კვლევა აჩვენებდა, რომ ქალები უფრო სწრაფად აღიდგენდნენ ამ ფუნქციას, ვიდრე მამაკაცები, – ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი საუბრობს.
„როცა კოვიდით ავად ვიყავი, დავკარგე ყნოსვაც და გემოც. დაახლოებით, 6 კვირის შემდეგ დამიბრუნდა და მინდა გითხრათ, არც ისე საინტერესო იყო ცხოვრება გემოს და ყნოსვის გარეშე. განსაკუთრებით, საქართველოში, ისეთი საინტერესო სამზარეულო აქვს, ამის გარეშე ალბათ ძალიან რთულია ცხოვრება.
ეს ფუნქციები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა საკვების გემო იგრძნონ, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. როდესაც არ გაქვს ყნოსვა და გემო, ვერ გრძნობ რომ საჭმელი გაფუჭებულია. აქედან გამომდინარე, მაღალია კვებითი ინტოქსიკაციების რისკი. ასევე, ვერ გრძნობენ დამწვრის სუნს.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა პრესამ გამოაქვეყნა სტატია, რომ სახლში, სადაც ბავშვიც იყო, ცეცხლი წაეკიდა რაღაცას. სრულიად შემთხვევით, მეზობელმა იგრძნო დამწვრის სუნი. ამიტომ, ეს ფუნქციები ძალიან მნიშვნელოვანია.
რამდენი დღით იკარგება ეს ფუნქციები – ეს ძალიან ინდივიდუალურია, ზოგს სამი დღით, ზოგს 1 კვირით და ზოგ შემთხვევაში ვხედავთ უფრო ხანგრძლივს. მინახავს პაციენტები, რომელთაც სამი ოთხი თვის შემდეგაც ჰქონდათ ეს პრობლემები“, – განაცხადა ექიმმა მთავარ არხზე დილის გადაცემაში.























