
ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე.
ხაზარაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების გადატანა და, მით უმეტეს, ამის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება. თუმცა, მისივე თქმით, ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.






















