16:36 | 2021-12-03 ავტორი: Prime Time

ნათია მერებაშვილი: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლებს აუმაღლოთ ნდობა

ნათია მერებაშვილი: ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლებს აუმაღლოთ ნდობა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

 

ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

 

შეხვედრაზე, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პოლიტიკაზე, ასევე 2020-2021 წლებში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებზე ისაუბრა, კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის დანერგვაზე, აგრეთვე სპეციალიზებულ პროკურორთა გადამზადების სტანდარტებზე, შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებულ საქმეთა მუდმივ მონიტორინგზე, აგრეთვე მსხვერპლზე მორგებული მიდგომების გამოყენებასა და კოორდინატორთა სამსახურის მნიშვნელობაზე.

 

საქართველოს პროკურატურაში  სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. პროკურორების გარდა გადამზადება გაიარა მენეჯერთა ნაწილმაც. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მენეჯერთა ახალი ჯგუფისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორთა გადამზადება.

 

როგორც ნათია მერებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, 2021 წელს გაზრდილია სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ დევნის დაწყების შემთხვევები, რაც აჩვენებს გადამზადების შემდგომ სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის პირველად პოზიტიურ შედეგებს. სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება პროკურატურის სამომავლო საქმიანობაში. აღნიშნულ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიანად განხორციელება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას და მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

ავტორი: Prime Time

X