
ზუგდიდში გვიან ღამით ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ ინგირში თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და აქტივისტს, ზური ბეჭვაიას. როგორც პარტიაში ამბობენ, ის რუსეთიდან მეორე ტურში ხმის მისაცემად ჩამოვიდა. პარტიის წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის ინფორმაციით, ბეჭვაიას 5 მანქანით დაესხნენ თავს, სცემეს და წაართვეს პირადი ნივთები. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია:
„მომხდარის შესახებ მეც მედიიდან და სოციალური ქსელებიდან გავიგე, თუმცა ისიც გავიგე, რომ სამართალდამცველები უკვე ჩართულები არიან და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება რაიმე ფორმით ძალადობდეს მეორე ადამიანზე.“ – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















