
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი ასეთ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 13 პროცენტი -„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 7 პროცენტი – „ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“, 6 პროცენტი -„ლეიბორისტულ პარტიას“, 5 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსს“, 4 პროცენტი – „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოს“, ხოლო 3 პროცენტი -„დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.






















