17:03 | 2020-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ნიღაბს შეიძლება ამოეფარო, პირბადეს – ვერა” – რა შეცვალა პირბადით ცხოვრებამ

“ნიღაბს შეიძლება ამოეფარო, პირბადეს – ვერა” – რა შეცვალა პირბადით ცხოვრებამ

უკვე სამი თვეა სამედიცინო ნიღაბი ჩვენი ყოველდღიურობაა. ზაფხულში გაჭირდა მისი ტარება. საქართველოში წარმოებულ მარლის პირბადეს ბევრი იწუნებს, მასში სუნთქვა ჭირსო…

 

მოხმარების წესი ბევრმა ისევ არ იცის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისე უკეთიათ (ყბააკრულ მდგომარეობაში), ვერც თავს იცავენ და შესაძლოა, სხვისი დაინფიცირების წყაროც გახდნენ. მოკლედ, რითი შეცვალა ნიღაბმა ცხოვრება და ქმნის თუ არა ის დისკომფორტს, “პრაიმტაიმთან” რესპონდენტები ყვებიან.

 

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ამბობს, რომ მისთვის ნიღბით სიარული კომფორტია. თუ პანდემიამდე ქუჩაში აჩერებდნენ, მასთან ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ და მერე მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედევად, სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ, ახლა ნიღბით თავისუფლად დადის და როგორც ამბობს, ამოისუნთქა.

 

“მსახიობს ცნობადობა გზღუდავს. როცა ახალგაზრდა ხარ, ეს გსიამოვნებს. მერე უკვე დამღლელი ხდება. მოდიან, ფოტოებს იღებენ. ვიღაცასთან ერთად გადაღებული ფოტოთი ნარცისივით “ფეისბუქზე” გამოჭიმვა არ მსიამოვნებს.

 

გარდა ამისა, პირბადე ადამიანს ანონიმურს ხდის და მაღაზიების რიგებში ადამიანები თამამად აკრიტიკებენ მთავრობას” – “პრაიმტაიმთან” ამბობს გიორგი ნაკაშიძე.

 

როდემდე მოგვიწევს პირბადეებით სიარული - მთავრობის ახალი დადგენილება
2020-06-11როდემდე მოგვიწევს პირბადეებით სიარული - მთავრობის ახალი დადგენილება

 

მწერალი ბესიკ ხარანაული მიიჩნევს, რომ პირბადემ და სხვა პანდემიურმა აკრძალვებმა, ადამიანი თავისუფალი გახადა.

 

ბესიკ ხარანაული: – სადაც ნიღაბია საჭირო, იქ ყოველთვის ვხმარობ, არც ერთ წესს არ გადავუხვევ. რომ შემეძლოს, ამის დემონსტრირებასაც მოვახდენდი. ახლა სოფელში ვარ და პირბადე არ მჭირდება. აქ ჩიტები არიან, არც თვითონ უკეთიათ, არც მე ვიკეთებ მათთან (იცინის).

 

დისკომფორტს არ გიქმნით პირბადის ტარება?

 

– გენაცვალე, პაგონებით დადიოდა ხალხი თავის სასიამოვნოდ და ეს ქვეყნის წესრიგისთვის არის დაწესებული. მიხარია, რომ კარგად იცავენ წესრიგს. აქ, სოფელშიც, ისე არსად შევლენ, პირბადე რომ არ გაიკეთონ. ეს მიხარია.

 

ჩვენ თავების გადასხვაფერება მოგვიწია. ხელს არ ვართმევთ, აღარ გადავკოცნით ერთმანეთს… ამ გადაკოცნის მომხრე არასდროს ვყოფილვარ. დიდი ნაღველი არ მოუტანია ამ წესების შეცვლას. დღეში რამდენი გაკოცებდა? ასე რომ ამ “ახალმა ცხოვრებამ” თავისუფლება მოიტანა.

 

მსახიობი თამუნა ნიკოლაძე პირბადეს სულ თან დაატარებს.

 

თამუნა ნიკოლაძე: – მე ისე გამიჯდა ნიღბის ტარება, რომ სულ თან დავატარებ და ყველგან მიკეთია გადასაღები მოედნის გარდა. არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.

 

ეკლესია სამაგალითოდ მოიქცა! - კულუმბეგოვი „ფაბრიკაში“ შეკრებილ ახალგაზრდებზე
2020-06-09ეკლესია სამაგალითოდ მოიქცა! - კულუმბეგოვი „ფაბრიკაში“ შეკრებილ ახალგაზრდებზე

 

 

მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე გაოცებულია იმით, რომ პირბადით სცნობენ.

 

ერეკლე დეისაძე: – პირბადის ტარება დისკომფორტია ზაფხულში. სუნთქვა გინდა, ჰაერი გჭირდება. მეორე მხრივ დადგენილი წესია და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მისი ტარება. მე მხოლოდ მაღაზიაში ვიკეთებ პირბადეს.

 

– გცნობენ პირბადით?

 

– მცნობენ და ამ მოვლენამ მაგრად გამაკვირვა. თვალებით მცნობენ. შენ ერეკლე არ ხარო, რომ მეუბნებიან, მიკვირს ხოლმე. პირბადე რას დაგმალავს? ნიღაბს შეიძლება ამოეფარო, პირბადეს – ვერა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X