
წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ნიკა კენჭოშვილის დედა „რუსთავი 2-თან“ პირველად საუბრობს ვერსიაზე, რომლის თანახმად, მისი შვილი ზურაბ ზვიადაურმა განზრახ მოკლა.
„ჩემი შვილი არ იყო მკვლელი. პატიოსანი, მშრომელი ბავშვი იყო. ზვიადაური იქ ნორმალურად, რომ მოქცეულიყო ეს ამბავი არ მოხდებოდა. მე ვთვლი, რომ თავისი ძმის, მეგობრის და ჩემი შვილის მკვლელი ზვიადაურია. ვიცი, რომ ნიკას არ გაუსვრია. ნიკა დაჭრილი მივიდა იარაღთან და თავისი ძმები დაიცვა. მითხრეს, რომ თითქოს, დანა ზურგში აქვს ჩარტყმული,“ – ამბობს ნიკა კენჭოშვილის დედა.
9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ მიიღო. საქმეზე წარდგენილ ბრალს ზვიადაური არ აღიარებს.






















