
თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი შესაძლოა ნიკა მელია იყოს. ოპოზიცია, რომ ამ თემას ინტენიურად განიხილავდა, ამას “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიაც ადასტურებს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას, პოლიტიკოსის თქმით, სახელდებოდა ელენე ხოშტარია.
“დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს. ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვიცე-მერის პოზიციაზე ზურაბ ჯაფარიძეს განიხილავდნენ.
რა პოზიცია აქვს ამ სამეულთან დაკავშირებით ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს – მოდი, თვალი გადავავლოთ პოლიტიკოსების განცხადებებს:
სტრატეგია აღაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ამომრჩეველს არჩევანი მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არ უნდა ჰქონდეს გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ, საჭიროა, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს.
“არაა არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის, არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის”, – აცხადებდა გიორგი ვაშაძე.
ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი უჭირს პარტია “ლელოს”. ბადრი ჯაფარიძის თქმით, უახლოედ დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა მთავრია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ვერ აიღოს.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად თაკო ჩარკვიანი განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, დაასახელებენ თუ არა თანაგუნდელები მას, ჯერჯერობით უცნობია.
ღიად გაცხადდა, რომ ზემოთ ხსენებულ კონფიგურაციას მხარს არ დაუჭერენ პარტია “მოქალაქეები”. ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი პარტია ოპოზიციასთან გაერთიანებას არ აპირებს.
ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არ შეუერთდება პარტია “საქართველოსთვის”. მისი ერთ-ერთი ლიდერის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, პარტიაში კანდიდატებზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.
ოპოზიციური პარტიების საბოლოო გადაწყვეტილება ორ დღეში გახდება ცნობილი და სწორედ მაშინ გაირკვევა, რამდენი სუბიექტის პოზიცია გაერთიანდება ერთიანი კანდიდატის გარშემო.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე გუშინ ოფიციალურად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, თუ “ქართული ოცნება” არჩევნებზე, პროპორციული წესით, ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ მიიღებს, მმართველი გუნდი ვალდებულებას იღებს, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.






















