
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმე დაასახელა.
„ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და რომელიც 20 ივნისს, ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“, – განაცხადა გახარიამ 3 თვის წინ.
ნიკა მელია გახარიას გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოეხმაურა.
„ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, რიგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გადადგა სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან, ის, რომ მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთ საკითხთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელიამ.
22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მის 11-წევრიან სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება.
23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სპეცრაზმმა დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ.
77-დღიანი პატიმრობა კი გუშინ, 10 მაისს დასრულდა. დღეს ოპოზიციის ლიდერი „ნაციონალური მოძროაბის“ ოფისში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ექს-პრემიერი გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამით კი რადიკალურად შეიცვალა ის მოსაზრება, რაზეც 3 თვის წინ საუბრობდა.
„არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“, – აცხადებს მელია.
კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ „რა თქმა უნდა”.






















