
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებას უამბო, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თანადგომა საკუთარმა დედამ გამოუცხადა. მელიას დედას შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის. მაგრამ ყველა კარგად იცნობს მამას – ცნობილ კარდიოლოგს, ანზორ მელიას.
ნიკა მელიას დედასა და ოჯახზე უფრო დეტალურად „პრაიმტაიმის“ ინტერვიუში წაიკითხავთ, რომელიც პოლიტიკოსის კარდიოლოგ მამასთან, ანზორ მელიასთან ჩავწერეთ.
– აქციების დროს ნიკამ ყველაფერი სიმართლე ილაპარაკა. ჩვენ, მშობლები შოკირებულები ვიყავით როცა ნიკა პოლიტიკაში წავიდა. სამი თვე არ ველაპარაკებოდით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მერე ნიკამ დამსვა, მესაუბრა და ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც ნიკამ მითხრა.
ჩემს თავზე ვარ გაბრაზებული, რატომ მჯეროდა რომ საქართველოს იხსნიდა ბიძინა ივანიშვილი. თავის თავზე და თავის ქონებაზე ფიქრობს. ეკონომიკა ჩამოიშალა, ხალხი სიღარიბის ქვემოთაა, ეს ჩემს პროფესიაშიც აისახება. თუ ადრე 60 პაციენტი მოდიოდა, ახლა შესაძლებლობა არ აქვს ხალხს და 20-25 კაცამდე შემცირდა მომართვიანობა. წამლები გაძვირდა, სულს ვღაფავთ.
მაგალითს მოვიყვან, ადრე გეპარინს როცა ვყიდულობდით, 3.5 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 15 ლარი გახდა. მე ვსაუბრობ უცხოურ გეპარინზე. ადამიანს, რომელსაც გულში თრომბი აქვს ცუდ გეპარინს ვერ მივცემთ, დღეღამის მანძილზე მას 45 ლარის წამალი სჭირდება.

ჩემი მეუღლე რაჭველია და სამწუხაროდ გვიან მოვიდა აზრზზე. მას ნიკა პოლიტიკისთვის არასდროს არ ემეტებოდა.
– თქვენ არ გსურდათ ნიკა ექიმი გამხდარიყო?
– მე მინდოდა კარდიოლოგი ყოფილიყო და ვამზადებდი კიდეც, მაგრამ ერთ დღეს საკუთარ თავს ვკითხე, რა მინახია ცხოვრებაში? სულ საავადმყოფოში ვარ, ოჯახი რომ შემენახა, ღამის 2-3 საათზე მივდივარ მძიმე პაციენტებთან და ჩემი შვილიც ამ საქმისთვის როგორ გავიმეტო-მეთქი. ამდენი ხნის ოჯახი გვაქვს მე და ნანას, მხოლოდ ერთხელ ვიყავით დასასვენებლად ქობულეთში. რას ვიფიქრებდი ნიკა პოლიტიკაში თუ წავიდოდა?
– გაგვაცანით თქვენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლეც ექიმია – ნანა ცანავა. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობთ, ჭკვიანი ექიმი იყო, ავადმყოფებს უყვარდათ, მაგრამ 90-იანები რთული პერიოდი გახლდათ და როცა ბავშვებს გარდატეხის ასაკი დაუდგათ, უარი თქვა სამსახურზე და სახლში დაჯდა.
ნანაც კარდიოლოგია, მამამისი ცნობილი პროფესორი, რეანიმაციის სკოლის დამფუძნებელი გახლდათ საქართველოში.
– სად გაიცანით ნანა?
– მერვე კლასის შემდეგ, მე დედაჩემის მამიდა მზრდიდა. ჭონქაძეზე ვცხოვრობდით მაშინაც. როდესაც რუსეთში სწავლა დავამთავრე და თბილისში დავბრუნდი, დედაჩემის მამიდა, რომელიც ჩემი მეორე დედა გახლდათ, მეუბნებოდა ერთ ექიმს ვიცნობ, კარგი ოჯახის შვილია და ცოლად ის გოგონა უნდა მოიყვანოო.
ერთ დღეს, კვირა იყო, დილით გამაღვიძა და მითხრა, მეზობლისგან კიბე ჩამოიტანეო. მამა-შვილი ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად, სადაც არასდროს მოდიოდნენ სტუმრები, როცა ავედი ბევრი ხალხი დამხვდა, ოჯახის უფროსის 60 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ, ნათესავები იყვნენ სტუმრად და იქ გავიცანი ნანა.
– როგორი ქორწილი გქონდათ?
– ქორწილი გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ჩემი ლიდას სიკვდილმა გადაწყვიტა ყველაფერი. მითხრა ამ ოჯახში იქნები მხოლოდ ნანასთან ბედნიერი, ეს ის გოგოა რომელიც ნამდვილ ქართულ ოჯახს შეგიქმნისო და მართლაც ასე მოხდა.
დიდი ქორწილი არ გვქონდა, ეს მოხდა 1977 წლის 25 ივნისს. საშა გეგეჭკორის სახლში გადავიხადეთ ქორწილი, 120-კაციანი დარბაზი იყო, ჭიანჭველებსაც კი ვხედავდით და მხოლოდ უახლოესი ადამიანები გვყავდა მოწვეული.
– როგორ უმკლავდებოდით ნიკას გარდატეხის ასაკში?
– კარგი ოჯახის შვილებზე მაშინ ნადირობდნენ, საშინელებები ხდებოდა, უბნებში ნარკომანების ბუდე იყო. ასეთი ადამიანები იჭერდნენ კარგი ოჯახის შვილებს და ხდებოდა გადაბირებები. ნიკა თავისი სიალალით და სისუფთავით მუდმივად გამოირჩეოდა. არასდროს იტყუებოდა, ამიტომ მკაცრად ვაკონტროლებდით. გიჟდებოდა ისე უყვარდა ფეხბურთი.

– ფეხბურთელი რატომ არ გახდა?
– ჩემი ბრალია ფეხბურთს რომ არ გაჰყვა, მინდოდა ექიმი ყოფილიყო. წამყვანი სპორტსმენები დიდხანს არ ცოცხლობენ, მთელი მონაცემები ვიცოდი და ამის მომხრე არ ვიყავი. აგარაკზე შევიკრიბეთ ნიკას ბაღის მეგობრები, კლასელები, აკადემიის და პარტიის მეგობრები. მშობლები ცალკე ვისხედით. ნიკას მეგობარი ბაჩანა მოვიდა და თქვა, ნიკას ახლა ასე ძალიან რომ უხარია ჩვენთან ყოფნა ეს თქვენი დამსახურებააო და გაიხსენა როცა ჯოხით დავსდევდი „ცუდ ბიჭებს“.
ოქროყანაში როცა წაიყვანდნენ ნიკას ფეხბურთის სათამაშოდ და გავიგებდი, ავიდოდი, გადმოვიღებდი მანქანიდან დიდ ჯოხს და იმ ბიჭებს მივსდევდი. ნარკომანები იყვნენ და არ მინდოდა 12-13 წლის ნიკას მათთან ჰქონოდა ურთიერთობა.
– ნიკას გარდა, კიდევ გყავთ ერთი შვილი, რას საქმიანობს?
– ქალიშვილი მყავს, ექიმია, მაგარი გოგოა. არავინ იცის რომ ნიკას და არის. დედა ტერეზაა. ყველას გასაჭირის მხსნელია. ჩემთან მუშაობს. ნანას დამსახურებაა ასეთი შვილები, რომ გვყავს, ის დედაც იყო და მამაც იყო, რადგან მე ფაქტიურად სახლში არ ვიყავი.
– ბავშვობაში ჩხუბი უყვარდა ნიკას?
– ძალიან უნდა გეცადა წონასწორობიდან რომ გამოსულიყო. მის თავმოყვარეობას უნდა შეხებოდი, მაგრამ, რაც პოლიტიკაში შევიდა გაუფუჭდა ნერვები. 5 წლის ასაკში, კისლავოდსკში გარეთ რომ გადიოდა და დაუძახებდნენ, „ეი პაცან“, 12 წლის ბიჭებს სათანადო პასუხს სცემდა. რამეს როცა დააშავებდა მეუბნებოდა მაპატიე, არ გავიმეორებო.
– რას აშავებდა ძირითადად?
– გაკვეთილების გაკეთება ეზარებოდა. უშიშროების აკადემიაში სწავლობდა, ერთხელ დამირეკა რექტორმა გოგი ერისთავმა, რომელიც ნიკას მეორე მამა იყო და მივედი. მითხრეს ნიკა ესპანურის მასწავლებელს არ უჯერებს, ხმას არ სცემს, შეკითხვაზე არ პასუხობსო. ორ კვირაში გამოცდებია ნიშანს ვერ დავუწერთ და გავრიცხავთო. მოვედი სახლში, ვუთხარი ნიკა რა ხდება მითხარი-მეთქი, მიპასუხა: გაჭირვებული ბავშვია ჩვენი კურსელი, რომელსაც ლექტორმა ტანსაცმელზე მისცა შენიშვნა, მასწავლებელმა გაჭირვების გამო, შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენოს, ამიტომ გავებუტეო.
ვუთხარი შვილო, ასეთი ბევრი რამ შეგხვდება ცხოვრებაში და ყველას ნუ გაებუტები-მეთქი. მამაშვილურად ვესაუბრე, დღედაღამე მეცადინეობდა და გამოცდაზე ხუთიანი მიიღო. აქტიური ბავშვი იყო, კავეენშიც იღებდა მონაწილეობდა. მე მხოლოდ საჭმელი მომქონდა სახლში, ყველაფერი ნანას დამსახურებაა. ნიკას გამო მე სიცოცხლეს გავწირავ. რომ ამბობენ ნაციონალიაო, ნიკა არც ნაციონალია, არც ოცნება, ის ნამდვილი ქართველია, რომელიც თავს გაწირავს ქვეყნისთვის. რასაც ამბობს ასპროცენტიანია. მიხედონ ქვეყანას და რა მნიშველობა აქვს პეტრე იქნება სათავეში თუ პავლე.
– როდის განუდექით „ნაციონალურ მოძრაობას“?
– ნაციონალებმა დასაწყისში კარგად წაიყვანეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო დროს დაჭერები და მიტინგების დაშლა როცა დაიწყო, ნიკასთან ერთად ვიდექი აქციებზე. მაშინ წინ მაინც მიდიოდა ქვეყანა. ახლა კი, ვერაფერი ვერ შესრულდა, რასაც გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი.
























