
ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.
მანამდე მოგიყვებით ამბებს თანმიმდევრულად:
რას ედავება გამოძიება ბასილაშვილს
პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
უწყების მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბასილაშვილი განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და იმედოვნებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი გაირკვევა.
„არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.
სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, – განაცხადა ბასილაშვილმა.
რას ამბობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
დოროყაშვილი ამბობს, რომ მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა.
მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის.
„ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა…
არც მახსოვს, იმდენად აფექტში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ მანქანაში ჩავჯექი. მამა გამომეკიდა რაღაც საგნით, არ მახსოვს რა საგანი ჰქონდა, ძალიან დიდი ტარი ჰქონდა“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
მხარეები – უფლებადამცველები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ადვოკატი აცხადებს, რომ როგორც იურისტი ქალი მისთვის მიუღებელია ძალადობა, თუმცა საქმის შინაარსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ მიწოდებულ არგუმენტებს და ქართველი ჩოგანი გამართლდება.
„სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, – აცხადებს ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ამ ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ქალს და მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას გააკეთონ მაქსიმუმი, რათა ნეკა დოროყაშვილი იყოს დაცული როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.
უფლებადამცველი და ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ქალისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით იმოქმედებენ.
„რაც შეეხება ქალს, ის თავად წყვეტს, რაზე ილაპარაკოს, რაზე არ ილაპარაკოს. თუ ის იტყვის, რომ მზად არის, ილაპარაკოს ყველაფერზე, ილაპარაკებს. თუ არ არის მზად ემოციურად, ალბათ არ ილაპარაკებს“, – აცხადებს ადვოკატი.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შეიკავებენ.
სავარაუდო ძალადობაში მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა
„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად ესაუბრა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას. ნოდარ ბასილაშვილი ამ ფაქტზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს ადვოკატები მიხედავენ.
თუმცა, ნოდარ ბასილაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტი ადრეც მოხდა. მისი თქმით, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ყალბი ვიდეოების წარდგენის საფუძველზე, მის ცოლს ძალადობაში ბრალი დასდო.
„მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა, ჩემს მეუღლეს ბრალს სდებდა თითქოს შვილიშვილზე ძალადობდა და სცემდა. ჩემი ცოლის მიმართ აღძრა საქმე და სასამართლომ ჩემი მეუღლე გაამართლა, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.
შანტაჟი თუ რეალური დაპირისპირება
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების/დაცვის მხარე დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ, თუმცა ბასილაშვილის ოჯახი, ნეკა დოროყაშვილს შანტაჟში ადანაშაულებს.
რამდენიმე საათის წინ ბასილაშვილების ოჯახმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ნეკა დოროყაშვილი ცდილობს ბასილაშვილსა და მის ოჯახს „მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს“.
მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 მაისს ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა და გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.
მომხდარს შანტაჟს უწოდებს მუსკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძეც.
თუმცა საბოლოოდ ამ კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერა
ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნი ის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა.
ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ, გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარგა ხანს მამა – ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა.
12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.
ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.
2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია.
2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.
ATF-ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოგბურთელთა უქმობის პერიოდში გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სტატისტიკა „ბექჰენდის” სიძლიერის მხრივ და ამ კომპონენტში ყველაზე სწრაფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ.
























