19:26 | 2020-05-24 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს 

გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის. ინფორმაცია ძალადობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

 

ვგმობთ ყველა სახის ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე
2020-05-24ვგმობთ ყველა სახის ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა.

 

ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.

 

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

 

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას.

 

მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

 

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“,- აღნიშნულია ბასილაშვილის ოჯახის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X