
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დანაშაულში ბრალდებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს. კვარაცხელიების ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დამკვეთებმა მკვლელობის უშუალო შემსრულებლების ლიკვიდაცია მოახდინონ, ამიტომ ისინი სამართალდამცველებს დროულად უნდა ჩაბარდნენ.
„ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია კვარაცხელიების ოჯახის განცხადებაში.
ოჯახის ადვოკატი გუშინ პირადად ესაუბრა მოკლულის მამას, ცნობილ „კანონიერ ქურდს“, გია კვარაცხელიას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს საუბარი. განსაკუთრებული მამა-შვილობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ ასეთი რამ მითხრა: ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა დაგეგმილი პრეზენტაცია თარჯიმნის გარეშე მომესმინაო. სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობსო“, – ციტირებს გია კვარაცხელიას სიტყვებს ოჯახის ადვოკატი.
კითხვაზე – გამორიცხავს, თუ რა გია კვარაცხელია მისი შვილის მკვლელობის საქმეში ძმები კაკულიების მონაწილეობას, ადვოკატი პასუხობს: „გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს”.
ცნობისთვის, თბილისში, 22 წლის ნიკა კვარაცხელია მოკლეს. მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებს. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას 10-ჯერ ესროლეს. სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
ნახეთ ვიდეო ⇓ (+18) მძიმე კადრები როგორ ჩაცხრილეს 22 წლის ნიკა კვარაცხელია
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























