
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სავაჭრო ცენტრი – ,,რუსთავი მოლი“ ინვესტორებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ახალი ინვესტორების შემოსვლა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
„ძალიან მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა, იმისთვის რომ რუსთავს ჰქონოდა სავაჭრო მოლი. მთავარი არის ის, რომ აქ დასაქმდება არაერთი რუსთაველი.
ამ ეტაპზე დასაქმებულია 1000 ადამიანი და მას შემდეგ, რაც ,,რუსთავი მოლი“ სრულად დაიტვირთება, სამუშაო ადგილების რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება, ეს კი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რეალური დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
,,რუსთავი მოლი“ მეგობრობის გამზირზე, 26 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, მშენებლობის პროცესში ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 2-3 თვეში მოლი სრულად დაიტვირთება და 10-15 ბრენდით იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე მოლში გახსნილია ,,კარფური“, ,,ვაიკიკი“, ,,ბიბლუსი“ და ,,აი ქეისი“, ხვალ ფუნქციონირებას დაიწყებს ,,ისი პარი“ და ,,დანკინი“. ,,რუსთავი მოლში“ ეტაპობრივად გაიხსნება BMB Mataraci trans Georgia (TAC), ,,მინისო ჯორჯია“ ,,ფარმაციული სახლი“, ,,ზუმერ ჯორჯია“ ,,პეპელა“, ,,ბიბლუსი“ ,, სუფთა სახლი“, ,, გორგია“, ,,ავტოგრაფი“, ,,ქეი ეფ სი“, ,,უნო“ ,,ფლო“ ,,აი პლიუსი“, ,, დონ ჟელიბონი“, ,,Stands“.
,,მშენებლობა დავიწყეთ 2020 წლის დასაწყისში. როდესაც მძვინვარებდა პანდემია, ერთი დღეც კი არ გაჩერებულა მშენებლობა. ინვესტიცია 30 მილიონ ლარზე მეტია განხორციელებული, დასაქმდა 1000-მდე ადამიანი, რეალურად 26 ათასი კვადრატული მეტრი სივრცე შეიქმნა რუსთაველებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მობრძანდნენ, გაატარონ დრო ოჯახთან, შვილბთან ერთად. აქ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები კვების მიმართულებით, უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი ,,კარფური“ თავისი პირველი ჰიპერმარკეტით რუსთავში, რომელიც რიგით მეოთხეა საქართველოში“, – განაცხადა ,,ვისოლ ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.






















