
განსაკუთრებით ბოლო ორი კვირა იქნება კრიტიკული, არ გამოვრიცხავთ შემთხვევების მატებას – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. იგი აღნიშნავს რომ ბათუმის ქუჩებში ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა თავშეყრის შემთხვევებს.
„მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან ჯგუფებად გადაადგილებისგან.
თუ საჭიროება არ მოითხოვს ნუ გამოვალთ სახლებიდან.
ამ ეტაპზე ვართ სიმშვიდის ფაზაში, რადგან ყველა შემთხვევა კონტროლირებადია, თუმცა ბოლო ორი კვირა იქნება ძალიან კრიტიკული, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“ – განაცხადა ნნო ნიჟარაძემ.
დღეის მონაცემებით აჭარაში 90 საეჭვო ანალიზიდან, ვირუსზე პასუხი ყველა უარყოფითია. რამდენიმე ანალიზის პასუხი კი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ბათუმის ცხელების კლინიკაში Covid-19-ზე 35 პირი მკურნალობს, აქედან 34 ქობულეთის კლასტერიდანაა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმე რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კორონავირუსისგან ბათუმში სულ გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 13 პაციენტი.






















