
უფლებადამცველი ბაია პატარაია ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ბაია პატარაია ამბობს, მან ერთ-ერთ ბიჭთან მოახერხა გასაუბრება, რომელიც პანსიონატიდან გამოიქცა.
„ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოქცეული ბიჭი ვნახე. გადაცემისთვის ჩამოვიდა თბილისში და იქ მივაკითხე. მანქანაში „ვა, რა ნაცნობი სახეების“ შეძახილით ჩამიჯდა და მერე მომიყვა, რომ ადრეც ვუნახივარ და სად და როგორ. საერთო ნაცნობებიც გვყოლია. ისეთი ცოცხალი ადამიანია, იმ მოკლე დროში იმდენი რამე მომიყვა, რაღაცეები დავგეგმეთ კიდეც. ძალიან მიზანდასახულია. მანამდე რომ ვეუბნებოდი შენი ვინაობა სუსმა და საპატრიარქომ უკვე იცის და დიდი შანსია ხალხი მოგიგზავნონ თქო, მეუბნებოდა, არ მეშინიაო, მარტო ხომ არ ვარო, ვიცი, ვინც მიდგახართ ზურგშიო.
მოკლედ, დაღლილი მივედი მის სანახავად და გაცოცხლებული წამოვედი. სულ არ მიკვირს რომ 9 წლის ასაკიდან 15 წლამდე იმ პანსიონიდან გამოქცევას ცდილობდა. ასეთი ცოცხალი იმ დილეგში როგორ დაეტეოდა?! ტელეფონი მივუტანე, თავისი არ ვარგოდა იმ პროგრამების გადმოსაწერად, რომელიც მისივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. მისგან კი დიდი იმედი და მოტივაცია წამოვიღე, რომელსაც ხვალ შუქრუთელებთან წავიღებ.
ის არსებობს, ის გადარჩენილია და სხვა ბავშვების გადარჩენისთვის იბრძვის“,- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.























