
ნიუ იორკის მერის მიერ გავრცელებული ყველა სიახლე საკონსულოს ვებ გვერდზეა განთავსებული. ემიგრანტებისთვის ყველანაირი დახმარების საშუალებაა მობილიზებულია.
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ, ნიუ როშელში გახსნა შტატში პირველი მობილური ტესტირების ცენტრი კორონავირუსის (COVID-19)-ის გამოსავლენად. პირველ დღეებში მობილური ტესტირების ცენტრი მოემსახურება 200 ადამიანს, ხოლო მომდევნო დღეებში – დღეში 500 ადამიანს.
ტესტირებისთვის ნიუ როშელის მაცხოვრებლებმა წინასწარ უნდა დანიშნონ ვიზიტი სატელეფონო გასაუბრებით.
მობილური ტესტირების ცენტრი პრიორიტეტს მიანიჭებს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის შემცველ დასახლებებში.
ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა არის საკმაოდ ცვალებადი. 24 საათის განმავლობაში, ნიუ იორკელებს მიეწოდებათ ახალი ინფორმაციის დიდი ნაკადი, რომელიც უშუალოდ ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. 13 მარტს მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქ. ნიუ იორკში. მან ახსენა, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, მეტი ძალისხმევით იმოქმედოს მოცემული კრიზისის პერიოდში და დაიცვას ნიუ იორკელების უსაფრთხოება.
აღლუმები, კონცერტები, გამოსვლები, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებდა 500 ადამიანს, პარასკევიდან, 13 მარტიდან, გაუქმდა. კაფე-ბარები, რესტორნები, საბანკეტო დარბაზები, რომლებსაც გააჩნიათ 500 ადამიანამდე მიღების შესაძლებლობა, მოცემული რეგულაციით უნახევრდებათ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, შეინარჩუნონ შესაბამისი საზოგადოებრივი დისტანცია.
მერი ამბობს, რომ მას მშვენივრად ესმის, თუ რამდენად მძიმედ შეიძლება იმოქმედოს მსგავსმა რეგულაციამ ადგილობრივ ბიზნესებზე და შრომისმოყვარე ხალხზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მსგავსი შეზღუდვები არის აუცილებელი. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის პირადი სივრცის გაზრდით კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე საგრძნობლად იზღუდება.
მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდა, განიხილოს ცვლილებები, რომლებიც შეეხება საჯარო მოხელეების შეზღუდვებს, რათა მოხდეს დაწესებულებების საგანგებო რეჟიმში გადაყვანა. მერიას შეუძლია სთხოვოს საავადმყოფოებს, რომ მათ გადადონ დაგეგმილი არჩევითი ოპერაციები და პრიორიტეტად გახადონ კორონავირუსთან შებრძოლება.
ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.






















