
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება , – ამ ფრაზით მსოფლიოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე მიმართა.
„COVID 19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა… ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშ იმყოფებით. ჯანმო ყოველდღიურად ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს – მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შეუძლია.
„თუმცა, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია: სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და თავშეყრის სხვა ტიპების გაუქმება. რამაც შეიძლება ხელი ვირუსის გავრცელების შენელებას შეუწყოს, შესაძლოა, ეპიდემიები მართვადი გახადოს. თუმცა, ეპიდემიის კონტროლისა და მართვისთვის შემოწმებები, მკურნალობა და კონტაქტების დადგენა ყველა ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ხერხემალი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ყველაფერი მოკლედ: რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები






















