
„კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა. ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში“,- ამის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი ამბობს, ნებისმიერი სიმპტომი მნიშვნელოვანია და რაიმეს გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს სატელეფონო კომუნიკაცია ექიმთან.
„თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია! შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ ინფექციის და სხვა ვირუსული ინფექციების!
ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოს და სუნის შეგრძნების დათრგუნვის, ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან!
ისე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია? ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!“- წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.























